Khvicha Kvaratskhelia of Napoli on July 18, 2023 in Naples, Italy.კვარა სამშაბათს დაბრუნდა, დიმაროს მოედანზე ბალახს აკოცა, ტყავის მრგვალ მეგობარს ჩაეხუტა, ხალხს მიესალმა და შემდეგ გასახდელში დაბრუნდა, სადაც საკალათბურთო ილეთები შეასრულა: ბურთი ჯერ ზურგსუკან მოიქცია, მერე წინ დაიჭირა, მერე ისევ ზურგსუკან და ასე შემდეგ. კალათბურთი მისი მეორე დიდი სიყვარულია. მთელი მონდომებით კი მან ოთხშაბათიდან დაიწყო ვარჯიში. ამ დღეს დაიწყო მისი ნამდვილი მზადება. უფრო სწორედ თითქმის ნამდვილი: მთელი დატვირთვით მაინც არ უვარჯიშია, მაგრამ მისი ფეხი ბურთს შეეხო. ეს იყო პირველი შემზადება ჯადოქრობისთვის, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივარი, თან არა მარტო „ლურჯი”, ჭკუიდან გადაჰყავს. ის „ნაპოლიდან” არის, რუდის ახალი ეპოქის დიდი იმედია. მწვრთნელმა უკვე განმარტა რა იდეაც აქვს: „იმედი ვიქონიოთ, რომ კვარა სულ მეტად და მეტად ლეტალური გახდება”. ახლა ხვიჩას ჯერია. მას უკვე მკერდზე სკუდეტოს ფარი ახატია და ჰორიზონტზე ახალ კონტრაქტს ხედავს: თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გაგრძელებას და ხელფასის კარგ კორექციას.

კვარაცხელია და კონტრაქტი

მაშ ასე, კვარა. კიდევ ერთი სახელი, რომელსაც ახალი კონტრაქტი უნდა გაუფორმონ, ოღონდ მისი მდგომარეობა ოსის მდგომარეობისგან განსხვავდება: როგორც ჩვენში ამბობენ, ისინი ტყუპები არიან, მაგრამ მაინც განსხვავდებიან. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლამდეა ძალაში. შემოსავალი წელიწადში 1,4 მილიონ ევროსა და ბონუსებს უდრის. ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომელიც თანამშრომლობის ერთი წლით გახანგრძლივებას და გასამრჯელოს გაზრდას ითვალისწინებს, მაგრამ ამ პირობებს გადახედვას უპირებენ. ფიქსირებული თანხა სულ მცირე უნდა გაორმაგდეს. ის დაახლოებით 3 მილიონი უნდა გახდეს, რათა კლუბის პარამეტრებში ჩაჯდეს. კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი, დე ლაურენტისს ბოლოს ნეაპოლში, „მილანთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის წინ შეხვდა, მაგრამ მათ ამ ზაფხულში, ანუ სატრანსფერო ბაზრის გახსნის შემდეგაც ილაპარაკეს. კარგია, რომ ეს საუბარი შედარებით მშვიდ პერიოდში შედგა.

კვარაცხელიას კურთხევა

მოკლედ, კლუბის პოზიცია გასაგებია: გამოცხადდა, რომ კვარაცხელია არ იყიდება და „ნიუკასლს” მისი გულუხვი შეთავაზება მდინარე ტაინის ნაპირებთან დაუბრუნეს. კარგად ბრძანდებოდეთო. მოედანზე კი ქართველს მეტოქეებისთვის ჯოჯოხეთის მოწყობას მოსთხოვენ. პირველ სეზონში კვარამ თითქოს ზეციდან ჩამოვარდაო, ვარსკვლავის სახელი დაიგდო, ახლა კი დროა იტალიასა ჩემპიონთა ლიგაში მისი კურთხევა მოხდეს. ამის იმედი აქვს რუდის და ამას ელის მთელი ნეაპოლი. ჩვენ ხომ მართლა სამყაროს ვქმნით: კვარაცხელია ხალხებს აერთიანებს. თამაში, მაგია — ფეხბურთის სილამაზე.

კორიერე დელო სპორტი