პირველ ტურში კვარაცხელია VS კვერნაძე

Home კატეგორიის გარეშე პირველ ტურში კვარაცხელია VS კვერნაძე
პირველ ტურში კვარაცხელია VS კვერნაძე

Two Italian Clubs Keeping an Eye on New Georgian Talentგიორგი კვერნაძის გუნდს „ფროზინონეს” სერია A-ში პირველივე შეხვედრა ჩემპიონ „ნაპოლისთან” უწევს. ამრიგად, არ არის გამორიცხული, რომ ჩვენთვის იტალიური სეზონი ქართული დერბით დაიწყოს: ხვიჩა კვარაცხელია კვერნაძის წინააღმდეგ.

2023-24 წლების კალენდრის გამოქვეყნების შემდეგ „ფროზინონეს” პრეზიდენტმა მაურიციო სტრიპემ თქვა:

„რასაკვირველია დადებითი განცდა დამეუფლა, ჩვენ ხომ იტალიური ფეხბურთის უდიდეს შეჯიბრებას დავუბრუნდით. ამან მასტიმულირებლად უნდა იმოქმედოს. საბრძოლველად უნდა განვეწყოთ. ყველაფერი უნდა გავიღოთ იმ ყვითელი და ლურჯი ფერებისთვის, რომლებსაც წარმოვადგენთ.

პირველ შეხვედრაში „ნაპოლი” გვხვდება, რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სრული მზადყოფნაა საჭირო. რასაკვირველია, ეს „ფროზინონესთვის” უმძიმესი მატჩი იქნება. თუ მთელი ძალით არ ვითამაშებთ, შესაძლოა გადაულახავი ბარიერის წინაშე აღმოვჩნდეთ. ვფიქრობ, ჩვენს გუნდს მკაფიოდ განსაზღვრული გზა აქვს დასახული, რომლის შეცვლა შეუძლებელია. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ დიდ კონკურენციას რომ გავუძლოთ. ახალაღზევებული გუნდებისთვის ეს კონკურენცია ჩვეულებრივ უფრო მკაცრია ვიდრე სხვებისთვის.

ჩვენს მწვრთნელზე ეუსებიო დი ფრანჩესკოზე იმას მოგახსენებთ, რომ მე მას დიდი ხანი არ არის, რაც ვიცნობ, მაგრამ ძალიან დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს. ვგონებ, მისი ხელმძღვანელობით შეგვიძლია ჩემპიონატი ისე ვითამაშოთ, როგორც გვაქვს ჩაფიქრებული. ის კარგი ადამიანი და კარგი პროფესიონალი ჩანს. მას ადამიანებთან ურთიერთობა ეხერხება, რაც გუნდში მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თვისების წყალობით მოთამაშეთა ჯგუფი ყოველთვის მაქსიმუმს გაიღებს.

იტალიურ ფეხბურთში გუნდში გატარებული დრო არ ნიშნავს, რომ შენ ლიდერი და მედროშე ხარ. პირიქით, ჯერ მედროშე უნდა იყო, გუნდის წარმატებებში წვლილი შეიტანო, ხოლო დროს იმდენი მნიშვნელობა არ აქვს”.

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.