17 ივნისს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრაში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ კვიპროსის ნაკრებს ეთამაშება.

ლარნაკაში თამაშისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია და ეს ქუჩაში გამოსვლისთანავე იგრძნობა. სხვათა შორის ადგილობრივი გულშემატკივარები და ჩვენი კოლეგებიც გაკვირვებული არიან, რატომ გადაწყდა საქართველოსთან თამაშის ლარნაკში ჩატარება, რამეთუ, ნიქოზიასა და ლიმასოლში გაცილებით დიდი ტევადობისა და უფრო ახალი სტადიონებია.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიდან ყურადღების ცენტრში რა გასაკვირია, რომ აქაც „ნაპოლის“ ქართველი თავდამსმელი ხვიჩა კვარაცხელიაა. გულშემატკივარები სასტუმროსთან, სადაც საქართველოს ნაკრებია დაბინავებული, „ნაპოლის“ მაისურებით მოვიდნენ და ცდილობდნენ ხვიჩასთან სამახსოვრო სურათი გადაეღოთ, ან მისი ავტოგრაფი მოეპოვებინათ, თუმცა მათი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.

პრესკონფერენცია

საღამოს ლარნაკას სტადიონზე მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს. პირველი ჟურნალისტების წინაშე კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია წარსდგა. თემური ქართველ ჟურნალისტებს გულთბილად მოგვესალმა, პრესკონფერენციის მსვლელობისას კი მწვრთნელობასთან ერთად… თარჯიმნობაც შეითავსა და იგი თარგმნიდა პასუხებს ქართველი და კვიპროსელი ჟურნალისტებითვის.

პრესკონფერენციაზე ქეცბაია ძველებურად რიხიანი ვერ იყო, აშკარად ეტყობა, რომ დიდი წნეხის ქვეშ არის და საკუთარი სამშობლის წინააღმდეგ თამაში მისთვის საკმაოდ რთულია, მეორე მხარეს კი მისი სამსახური და პროფესიული მოვალეობაა…

…ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია ორივე გუნდისთვის. შედეგის მიხედვით გამოჩნდება, რისთვის იბრძოლებენ გუნდები შესარჩევის დარჩენილ მატჩებში.

…საქართველოს ნაკრები ახალგაზრდული გუნდია, რომელსაც დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია.

…ახლა არ ვფიქრობთ, რა იქნება შესარჩევის ბოლოს. ამ ეტაპზე მთავარი საქართველოსთან მატჩია. არც ჩვენ და არც საქართველო არ ვართ ფავორიტები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიბრძოლებთ.

…კომპაქტურად უნდა ვეთამაშოთ და არ მივცეთ ქართველ ფეხურთელებს ბევრი სივრცე. ჩვენც კარგი გუნდი გვყავს და იმედი გვაქვს, შაბათს ბიჭები მაქსიმუმს გააკეთებენ გამარჯვებისთვის.

…ვიმეორებ, საქართველოს ნაკრები მომავლის გუნდია, ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა და იმედია, კვიპროსთან მატჩის შემდეგ უფრო უკეთესად ითამაშებენ.

სანიოლი: სამი ქულა, ან არაფერი…

ქეცბაიას შემდეგ პრესკონფერენციაზე ჩვენი ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი ოთარ კიტეიშვილთან ერთად მოვიდა.

სანიოლმა ხვალინდელი მატჩის მნიშვნელობაზე და საქართველოს ნაკრების მიზნებზე ისაუბრა და მოკლედ და კონრეტულად განაცხადა – კვიპროსთან ჩვენი მიზანი მხოლოდ სამი ქულაა, ყველა სხვა შედეგი იმედგაცრუება იქნებაო!

ხვიჩაზე საუბრისას ვილი თავშეკავებული ჩანდა, ჯერ ვერ გეტყვით, ხვალ იქნება თუ არა კვარა სასტარტო შემადგენლობში, საქართველოს ნაკრებს სხვა ფეხბურთელებიც ჰყავს, რიმელთაც თამაშის ბედი გადაწყვეტა შეუძლიათ, დანარჩენს კი თამაშის წინ გადავწყვეტთო.

პრესკონფერენციის ბოლოს კვიპროსთან მატჩზე კომენტარი კიტეიშვილმაც გააკეთა – „სანაკრებო შეკრებების წინ, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად ვიღებდი ტრავმებს, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის და მიხარია, უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში რომ ვარ, რაც მომავალი თამაშებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია…

ხვიჩა აქაც ხვიჩაა…

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ სასტუმროში დასაბრუნებლად სტადიონთან მდგომ ადგილობრივ გულშემატკივარს ტაქსის გამოძახებისათვის დახმარება ვთხოვე. ერთ-ერთი იქ მდგომი, ჯორჯ ქსენოფონდოსი, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი აღმოჩნდა. ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ისიც დიდი სიმპათიით იყო განწყობილი და როდესაც გაიგო, რომ საქართველოდან ჩასული ჟურნალისტი ვიყავი, მთხოვა, იქნებ მისი ავტოგრაფი მომაპოვებინოო. ბოლოს კი სასტუმრომდე საკუთარი ავტომანქანით წამომიყვანა.

ჯორჯმა ქართველ ფეხბურთელებზეც საკმაოდ ბევრი რამ იცოდა და არა მარტო მათზე, ვინც ახლა თამაშობს კვიპროსში. გაიხსენა კობა წიტაიშვილი და სხვა ჩვენებურები ვისაც წლების წინ მათ ქვეყანაში ბურთი გაუგორებია.

გზაში რა თქმა უნდა, მთავარი სასაუბრო თემა ფეხბურთი და ხვალინდელი მატჩი იყო. ჯორჯმა მომავალ თამაშზე საუბრისას მითხრა, ქეცბაია ძალიან კარგი მწვრთნელია, მას აქ დიდ პატივს სცემენ, მაგრამ რეალურად საქართველოს ნაკრები უკეთესი გუნდია და უფრო მეტი შანსი თქვენს გუნდს აქვსო…

ვნახოთ, დანარჩენი უკვე ხვალ გამოჩნდება, მე კი ვეცდები, ჯორჯს ხვიჩას ავტოგრაფი სამახსოვროდ დავუტოვო და ასე გადავუხადო მადლობა…

საგანგებოდ სარბიელისთვის ლარნაკადან