„ნაპოლის” ახალმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ პირველი კომენტარი აურელიო დე ლაურენტისის მიერ მისი დანიშვნის გამოცხადებიდან ერთ საათში გააკეთა. ნეაპოლური მედიის შეფასებით ეს გახლდათ სპონტანური სიტყვები, რომელიც სასარგებლო და სასიამოვნო გამოდგა.

ფრანგმა გაავრცელა ტვიტერის პოსტი, რომელიც „ნაპოლის” გვერდმა გააზიარა. გარსია მის სამწვრთნელო კარიერაში „რომას” შემდეგ მეორე იტალიურ კლუბს მიესალმა.

„რა სიამოვნებაა დაუკავშირდე „ნაპოლის” პროექტს. რა სიამოვნებაა იტალიაში დაბრუნება. ახლა ისეთი მოტივირებული და ამბიციური ვარ, როგორც არასდროს. მსურს იტალიის ჩემპიონატის დროშა ავიტაცო და მაღლა მეჭიროს”, — დაწერა ესპანური ფესვების მქონე ფრანგმა, რომელმაც ამ განცხადებით „პარტენოპეელი” გულშემატკივრის წინაშე წარდგენისა და ოფიციალური პრეზენტაციის წინ გულშემატკივართა ნაწილის გული მოალბო.  Rudi Garcia is the new coach of Napoli