„მანჩესტერ სიტიმ” ისტორია დაწერა — ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერი” დაამარცხა 1:0 და ეგრეთწოდებული ტრებლი შეასრულა. 24 წლის განმავლობაში „ქალაქელების” მთავარი მოქიშპე, „მანჩესტერ იუნაიტედი” გახლდათ ინგლისის ერთადერთი გუნდი, რომელიც ერთ სეზონში ქვეყნის ჩემპიონიც გახდა, ფეხბურთის ასოციაციის თასიც მოიგო და ჩემპიონთა ლიგის დიდყურა თასიც აღმართა. ახლა, ეს მიღწევა ქალაქ მანჩესტერის ორივე ნაწილს ეკუთვნის — როგორც წითელს, ასევე ლურჯს.
„სიტიმ” „ინტერი” თანაბარ შეხვედრაში, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ამიერიდან სიამაყით გაიხსენებს… ნახევარფინალს, სადაც „რეალზე” წინა წლის ნახევარფინალში დამარცხებისთვის შური იძია. ეს გამარჯვება ინგლისელი მიმომხილველების აზრით სეზონის კულმინაცია იყო.
წინა წლის ნახევარფინალი კი გეხსომებათ: მადრიდელებმა „სანტიაო ბერნაბეუზე”, 90+1 და 90+6 წუთებზე ორი გოლი გაიტანეს, თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს და იქ კიდევ ერთი დაამატეს.
წლეულს? გუნდები კვლავ ნახევარფინალში გადაეყარნენ ერთმანეთს. პირველი შეხვედრა მადრიდში 1:1 დასრულდა, საპასუხოში კი ინგლისის ჩემპიონმა მოწინააღმდეგე მოედნიდან გააქრო — 4:0.
რაც შეეხება ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასს, ის პეპ გვარდიოლას გუნდმა ერთი კვირის წინ მოიგო. „უემბლიზე” მან სწორედ მთავარი გამღიზიანებელი, „იუნაიტედი” დაამარცხა 2:1 და ტრებლზე სერიოზული განაცხადიც მაშინ გააკეთა. იმ შეხვედრაში „ქალაქელთა” ორივე გოლი ილქაი გუინდოგანმა გაიტანა. „იუნაიტედი” კი ვერაფერს გახდა, რათა „ხმაურიანი მეზობლებისთვის” თავიანთი 1999 წლის მიღწევის გამეორებაში ხელი შეეშალა.
საინტერესოა, რომ 2023 წლის დასაწყისში ტრებლი „სიტისთვის” მიუწვდომელი ჩანდა. მიზეზი: მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს გუნდი კვლავ ინგლისის ჩემპიონი გახდებოდა ანუ მოიპოვებდა ტიტულს, რომელიც წინა ხუთ სეზონში ოთხჯერ მოიგო. სეზონის მსვლელობისას იყო მომენტი, როდესაც „მანჩესტერ სიტი” ლიდერ „არსენალს” 8 ქულით ჩამორჩებოდა. თან, „მეთოფეებს” ერთი შეხვედრით ნაკლები ჰქონდათ ნათამაშევი.
მდგომარეობა მაშინაც გამწვავდა, როდესაც გუნდი შინ 0:2 ჩამორჩა „ტოტენჰემს” და პირველად გვარდიოლას ეპოქაში ტრიბუნებმა ობსტრუქცია მოაწყვეს, მაგრამ „ქალაქელებმა” ის მატჩი 4:2 მოიგეს.
„სიტიმ” „არსენალს” „ემირეითზე” 3:1 მოუგო, „ეტიჰედზე” კი 4:1 და საბოლოოდ ჩრდილოლონდონელებს 5 ქულით გაასწრო.
პეპ გვერდიოლასთვის ეს მეორე ტრებლი გახლდათ. პირველი მან 2009 წელს „ბარსელონას” თავკაცობის დროს მოიგო.