თეთრმა სახლმა ბრძანა, რომ არგენტინელ ფეხბურთელებს ინგლისის ნაკრების დამარცხების შემდეგ თავიანთი აზრის თავისუფლად გამოთქმის სრული უფლება ჰქონდათ. მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში 2:1 გამარჯვების შემდეგ „ალბისელესტეს“ წევრებმა მოედანზე გაიტანეს ბანერი, რომელზეც მათი ქვეყნის ტერიტორიული პრეტენზია იყო გამოხატული. საუბარია არგენტინულად მალვინის, ხოლო ინგლისურად ფოლკლენდის კუნძულებზე, რომლებიც არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის მუდმივი დავის საგანია. ამ კუნძულების გამო 1982 წელს არგენტინის სამხედრო ხუნტამ (1976-1983) ბრიტანეთთან ომიც კი დაიწყო. ომი 74 დღეს გაგრძელდა. მან 255 ბრიტანელი და 649 არგენტინელი სამხედროს სიცოცხლე შეიწირა.
ფიფა საფეხბურთო სარბიელის პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოყენებას კრძალავს და წესით არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას ნახევარფინალში გამოფენილი ბანერის გამო ჯარიმა უნდა გადაახდევინოს, მაგრამ სამხრეთ ამერიკელთა დასაცავად ხმა თეთრი სახლის „ფიფა ტასკ ფორსის“ ხელმძღვანელმა ენდრიუ ჯულიანიმ ამოიღო. მან თქვა, რომ არგენტინელ ფეხბურთელებს აშშ-ში თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის სრული უფლება ჰქონდათ.

„ჩვენ ურყევად გვწამს აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებული უფლებების“, – თქვა მან.
ფიფა ორ ცეცხლს შორისაა, რადგან დიდი ბრიტანეთი ინციდენტის გამო გამოძიებას სთხოვს. პრემიერ მინისტრის პრეს-სპიკერმა განაცხადა: „შეიძლება მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჩვენი არ არის, მაგრამ ფოლკლენდის კუნძულები ნამდვილად ჩვენია. მათ მიმართ ბრიტანეთის დამოკიდებულება არასდროს შესუსტდება“.
დაუნინგ სტრიტმა განაცხადა, რომ არგენტინელი ფეხბურთელების დასჯა ფიფას საქმეა, მაგრამ გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს. საკუთრივ ფოლკლენდის კუნძულების მთავრობამ განაცხადა, რომ არგენტინელების ბანერმა იმედი გაუცრუა, თუმცა მათგან ასეთი საქციელი გასაკვირი არ იყო. მან იმედი გამოთქვა, რომ ფიფა თავისი კანონებით იმოქმედებს და მათი დარღვევის გამო ყველას დასჯის.
„ჩვენ არ გვსურს, რომ კუნძულებს და მათ მაცხოვრებლებს ინგლისსა და არგენტინას შორის ნებისმიერი გადაკვეთის დროს პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდნენ“.
2013 წელს ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულებზე ჩატარდა რეფერენდუმი, რომელშიც საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 90 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. 1517 ადამიანიდან 1513 კუნძულების ბრიტანეთში დარჩენას უჭერდა მხარს. წინააღმდეგი მხოლოდ 3 იყო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი18/07/2026 | 10:23დე ლა ფუენტეს და როდრის არგენტინელთა აგრესიულ ქცევაზე ჰკითხეს
სიახლეები18/07/2026 | 08:41დეშამი: ეს ამხანაგური მატჩი არ გეგონოთ
მთავარი ამბავი18/07/2026 | 07:15თეთრმა სახლმა მხარი არგენტინელებს დაუჭირა
მთავარი ამბავი17/07/2026 | 09:22ლინეკერი: ეს ტუხელი გერმანელების მოგზავნილი ხომ არ იყო?