დეშამი: ეს ამხანაგური მატჩი არ გეგონოთ

დეშამი: ეს ამხანაგური მატჩი არ გეგონოთ

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის საფრანგეთი ინგლისს ხვდება. დიდიე დეშამმა „ლურჯების“ მწვრთნელის რანგში ბოლო პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზეც თქვა, რომ ნახევარფინალში ესპანელებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს.

„მარცხი უნდა ვაღიაროთ, ესპანეთმა გვაჯობა“, – თქვა მან და დასძინა, რომ ფიზიკური თვალსაზრით თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო არ დარჩა, მაგრამ ტექნიკურად მეტოქემ აჯობა. დეშამის თქმით „ესპანელებმა თამასა ძალიან მაღლა აწიეს“.

„ამის გადატანა ძნელი იყო. დიდი იმედგაცრუება ჩვენი დიდი ამბიციების ადექვატური გრძნობაა“, – აღნიშნა ფრანგების თავკაცმა.

ჟურნალისტებმა დეშამს ჰკითხეს, რამდენად სწორი იყო ოთხი შემტევი ფეხბურთელით თამაში.

„თქვენ გაქვთ სრული უფლება დამისვათ ნებისმიერი კითხვა და გქონდეთ ესა თუ ის შეხედულება, მაგრამ ჩვენი წაგება შემტევი შემადგენლობით არ იყო განპირობებული. ესპანელებმაც ოთხი თავდამსხმელით ითამაშეს. განსხვავება ის იყო, რომ ჩვენ ხარისხიანად ვერ ვუტევდით, ბურთს ვკარგავდით. ოთხი წლის წინ ყატარშიც ოთხი შემტევი ფეხბურთელით ვთამაშობდით, მაგრამ მაშინ ფინალში გავედით. ოთხი შემტევით თამაში ჩემი არჩევანი იყო“.

პრეს-კონფერენციაზე გამოჩნდა, რომ ჟურნალისტებს ერთ-ერთ საკვანძო საკითხად პირველი ტაიმის მერე მოედნიდან ადრიან რაბიოს გაყვანა მიაჩნდათ.

„წყლის პირველი შესვენების დროს ადრიანი მოვიდა და მითხრა: მწვრთნელო, ჩემს ფეხბურთს ვეღარ ვთამაშობ. არადა, ნახევარმცველისთვის ფეხბურთი 360 გრადუსიანი პროცესია. მე მას მოვუწოდე თავი ხელში აეყვანა. მეც ვყოფილვარ ფეხბურთელობის დროს ასეთ დღეში, როდესაც საკუთარი თავის ჩრდილიღა ხარ. რაბიოსთან დაკავშირებით შემეძლო სხვა არჩევანიც გამეკეთებინა, მაგრამ ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას და საკუთარ გამოცდილებას დავეყრდენი“.

ინფორმაციაში დეშამმა რაბიოს მიერ პირველი ტაიმის მე-9 წუთზე მიღებული ყვითელი ბარათი იგულისხმა, რაც ნახევარმცველის გაძევების რისკს ზრდიდა.

ნახევარფინალში წაგებამ საფრანგეთის ნაკრებს იმედგაცრუების გრძნობა მოჰგვარა, მაგრამ დეშამი ამბობს, რომ ინგლისთან მესამე ადგილისთვის შეხვედრას გუნდი მაინც მონდომებით ჩაატარებს.

„ეს ამხანაგური თამაში არ გეგონოთ. ეს ნამდვილი ბრძოლაა, მესამე ადგილისთვის თამაში. პირადად მე ვალდებული ვარ ყველაფერი ვიღონო, რათა მიზანს მივაღწიოთ. ჩვენ მილიონობით ფრანგების წინაშე ვალდებულებას ვგრძნობთ“, – თქვა ფრანგების თავკაცმა თანამდებობაზე ბოლო თამაშის წინ.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.