ერთი-ორი ეპიზოდი თამაშის დასაწყისში და „მილანი” სერიოზული პრობლემის წინაშეა. „ლა გაძეტა დელო სპორტის” სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, „შავ-წითლების” მწვრთნელი სტეფანო პიოლი შინ ორი ჰუკის შედეგად მიღებული ნოკდაუნით დაბრუნდა. ასეთი მარცხი განსაკუთრებით მძიმე იყო რამდენიმე ჩინებული თამაშის შემდეგ, რომელთაგან გაზეთი „ლაციოსთან” 2:0 გამარჯვებას გამოარჩევს. შეხვედრის დასაწყისშივე დაშავებული ალჟირის ნაკრების წევრის, საფრანგეთში დაბადებულ-აღზრდილი ისმაელ ბენასერისა და იმთავითვე ტრიბუნაზე მჯდომი პორტუგალიელი რაფა ლეაოს გარეშე, „მილანს” ისე გაუჭირდა, რომ 15 წუთში 0:2-ს აგებდა. ასეც დამთავრდა შეხვედრა. ეს გახლდათ „დერბი დელა მადონინა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ფორმალურად მასპინძელი სწორედ „მილანი” იყო. საპასუხო შეხვედრა „ინტერის” წილ „სან სიროზე” გაიმართება. გოლები გაიტანეს ედინ ჯეკომ და ჰენრიხ მხითარიანმა.
პიოლი: „ინტერმა” პირველ ტაიმში უკეთ ითამაშა და ორი გოლი გაგვიტანა. ჩვენ მეორე ნახევარში უკეთესი შედეგის მიღწევა გვმართებდა. მეშვიდე წუთამდე მეტოქეს ჩვენს საჯარიმოში ფეხიც არ შემოუდგამს, შემდეგ კი უცბად გოლი შეაგდო.
„ნერაძურიმ” ხარისხიანად ითამაშა. ჩვენ ხშირად ვკარგავდით ბურთს. გვინდოდა გვეთამაშა ინტენსიურად, კომპაქტურად და აგრესიულად. სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. ორთაბრძოლები მეტოქემ მოიგო. მენტალური და ტაქტიკური თვალსაზრისით რთული შეხვედრა იყო. კმაყოფილი ვარ მეორე ტაიმით, უფრო ზუსტად, იმით, რომ არ გავტყდით. რწმენა არ უნდა შეგვერყეს. ფეხბურთში შეხვედრის ბედი ბევრჯერ შეცვლილა.
რაც შეეხება მსაჯს, მას საჭოჭმანო სიტუაციებში ორმაგი სტანდარტი ჰქონდა, მაგრამ ახლა დეტალებში ვერ შევალ.
ლეაო იმედია საპასუხო შეხვედრისთვის გამოჯანმრთელდება. ყველაფერი ამ დღეებში გამოჩნდება. რაც შეეხება ბენასერს, მან შეხვედრის მე-17 წუთზე მუხლში მძაფრი ტკივილი იგრძნო. არ ახსოვს, როდის დაშავდა. ფაქტია, რომ გამოსაკვლევია”.