წერილი, რომელიც „დოიჩე ველეს” საიტზე გამოქვეყნდა, გერმანული ფეხბურთის ერთ დროს ამომავალი ვარსკვლავის, წარმოშობით ქურთი დენიზ ნაკის შესახებაა. ორშაბათს, 28 წლის ნაკის A4 ტრასაზე ტყვია ესროლეს. მან, რაღაც ბედად დახრა და მანქანის საავარიო ზოლზე შეყვანა მოახერხა. პოლიცია ამბობს, რომ ფეხბურთელი უსაფრთხო ადგილას არის გადამალული.

ფრაზა „ამომავალი ვარსკვლავი” გადაჭარბებად რომ არ გეჩვენოთ გეტყვით, რომ ათიოდ წლის წინ ნაკი გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი 21-წლამდელებში გამოდიოდა ტონი კროოსთან, ჯერომ ბოატენგთან და მატს ჰუმელსთან ერთად, თან არავისზე ნაკლებად არ ითვლებოდა. ერთი სიტყვით, სერიოზულ იმედებს იძლეოდა, მაგრამ მერე პოლიტიკამ აურია თავ-გზა.

დენიზ ნაკი (წინა რიგში, მარცხენა) გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებში

„ვფიქრობ, პოლიტიკური მოტივით მესროლეს, — უთხრა ნაკიმ ჟურნალ „შპიგელს”, — თურქებს მიზანში ვყავარ ამოღებული, რადგან ქურთების მხადასაჭერ განცხადებებს ვაკეთებ”.

რამდენიმე წყარომ თქვა, ფეხბურთელის ვარაუდით თავდასხმაში თურქეთის საიდუმლო სამსახურები იქნებოდნენ ჩარეულიო, მაგრამ, მისმა ვექილმა „დოიჩე ველეს” სხვანაირად უთხრა — ჩემს კლიენტს ეჭვი აქვს, რომ სროლის უკან გერმანიაში მოქმედი თურქთა ულტრა-ნაციონალისტური დაჯგუფება დგასო.

ორშაბათს მომხდარი ინციდენტი გერმანელი-ქურთის ცხოვრებაში ერთადერთი არ ყოფილა. „სანკტ პაულის” ყოფილი ფორვარდი „ქურთისტანის მუშათა პარტიის” მხარდამჭერია, ეს გაერთიანება კი ევროკავშირს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი.

შარშან, თურქეთში დენიზ ნაკის ტერორიზმის პროპაგანდისთვის 18 თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.

2013-14 წლებში ნაკი სწორედ თურქეთში, კერძოდ „გენჩლერბირლიგიში” გადავიდა სათამაშოდ, სადაც თავს დაესხნენ. თავად ეს ამბავი BBC-ს ასე უამბო:

„ისინი მაგინებდნენ და მეკითხებოდნენ: შენ ხომ ბინძური ქურთი ხარ? ვცდილობდი დამეწყნარებინა, მაგრამ უცებ ერთ-ერთმა თვალში მუშტი დამარტყა. თავი რომ დამეცვა, საპასუხოდ მეც დავარტყი და გავიქეცი”.

გაქცევით კი გაიქცა, მაგრამ შორს არ წასულა. დღეს ის კვლავ თურქეთში, მეორე ლიგის „ამედში” თამაშობს და იმას განიცდის, რას წარმოვიდგენდი ტყვიას ჩემ მშობლიურ გერმანიაში თუ მესროდნენო.

ისე, ერთხელ, დენიზ ნაკი გერმანიაშიც გაეხვა შარში. როგორც გითხარით, ის „სანკტ პაულიში” თამაშობდა, რომელიც მემარცხენეების გუნდია. ამ გუნდის გულშემატკივრებს თავიანთი ყოფილი ფორვარდი დღემდე უყვართ და ყველაზე მეტად 2009 წელს, მემარჯვენეთა გუნდ „ჰანზასთან” 2:0 მოგების შემდეგ გაკეთებული ყელის გამოჭრის ჟესტით ახსოვთ. მაშინ ფეხბურთელი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.