„მილანის”, „რომას”, „იუვენტუსის” და „რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ „ნაპოლისა” და „მილანის” მოახლოებულ სამ დაპირისპირებაზე ილაპარაკა.
„ჩემპიონთა ლიგის მატჩები სერია A-ს შეხვედრისგან განსხვავებული იქნება. ისინი ორივე გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სერა A-ს თამაში, რადგან იტალიის ჩემპიონატი დამთავრებულია: „ნაპოლის” შეუძლია წამყვანი ფეხბურთელები დაასვენოს კიდეც. ლიგაში კი ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი: ბრაზი, თავდადება, შემდეგ ეტაპზე გასვლის წყურვილი.
სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგას შორის ის განსხვავებაც არის, რომ ევროპული შეჯიბრება გაცილებით მნიშვნელოვანია. ყველაფერს მოწადინება, გამარჯვების სურვილი გადაწყვეტს. სწორედ ჩემპიონთა ლიგაში ჩანს რომელ ფეხბურთელს აქვს სხვაზე მტკიცე ხასიათი”, — უთხრა კაპელომ „რადიო მარტეს” და დასძინა:
„ნეაპოლელები უფრო დიდი წნეხის ქვეშ იქნებიან, რადგან მათ ფავორიტად მიიჩნევენ. მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მწვრთნელის კვალიფიკაცია. თავისი გუნდის ძრავა სწორად მან უნდა აამუშაოს. სპალეტიმ დაამტკიცა, რომ ეს ეხერხება. ტაქტიკური ცვლილებები? ეს გუნდის სიძლიერეზეა დამოკიდებული. მწვრთნელს შეუძლია ფეხბურთელებს მოედანზე სხვადასხვა პოზიციები შესთავაზოს, მათ კი დავალების კარგად შესრულება უნდა შეეძლოთ. ფეხბურთელებზე ბევრია დამოკიდებული.
ბევრი კითხულობს, ითამაშებს თუ არა როლს მილანური გენი. ამ კითხვაზე პასუხი „ტოტენჰემთან” შეხვედრამ გაგვცა. „მილანს” საერთაშორისო დონის ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც ამ დაპირისპირებაში მეტის დამტკიცება ენდომებათ. თავის მხრივ, „ნაპოლის” აქვს რაღაც განსხვავებული, რომლის მოედანზე გადატანას ჩემპიონთა ლიგაშიც შეეცდება. მე ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვუჩიჩინებდი: ძალიან მნიშვნელოვანია ბურთის ფლობის დროს მანევრირება და დაცვაში ყურადღებით თამაში. მეურვეობა უნდა იყოს სწორი და ფრთხილი. არ უნდა ავიკიდოთ პენალტი. ჩემი აზრით, ფეხბურთში არსებულ სხვადასხვა დამოკიდებულებათა შორის ყველაზე ფასეული გამარჯვებაა”.
და ბოლოს კაპელომ ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ილაპარაკა:
„მათი თამაში კარგად აწყობილი მანევრების კულმინაციაა. ძალიან მნიშვნელოვანი წყვილია, მაგრამ მათ მთელი გუნდი ემსახურება. ეს ორი ფეხბურთელი გუნდის ოსტატობას უსვამს ხაზს.
დაცვიდან თამაშის აწყობაზე რას ვფიქრობ? ამასთან დაკავშირებით ბევრი იდეა მაქვს. ხომ ხედავთ, თანამედროვე ფეხბურთში მეკარეები თავდამსხმელებზე ხშირად ეხებიან ბურთს, თუმცა ეს ოსიმენსა და კვარაცხელიას არ ეხება. ისინი თამაშის დროს გადამწყვეტ სიტყვას ამბობენ”.