ორი წლის წინ, 10 მაისს, როდესაც „სალერნიტანა” სერია A-ში დაბრუნდა, ქალაქ სალერნოს ქუჩებში ანტი-ნეაპოლური დემონსტრაციები მოეწყო. ეს ერთი შეხედვით უცნაური იყო, რადგან კამპანიის პირველ და მეორე ქალაქს შორის თითქოსდა ყოველთვის კარგი ურთიერთობა იყო, მაგრამ დრომ ყველაფერი ყირაზე დააყენა: სალერნოელებს ნეაპოლელები შესძულდათ და ეს სიძულვილი თანდათანობით გაძლიერდა. ასეთი მეტამორფოზა ორივე გუნდის ერთ ლიგაში თამაშმა განაპირობა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად სალერნოში „ნაპოლის” გულშემატკივართა დაცვა და დაბლოკვა გახდა საჭირო.

დღეს „ნაპოლი” სკუდეტოს მოპოვებასთან არის ძალიან ახლოს. ამასთან დაკავშირებით სალერნოელმა ულტრასებმა გამოაცხადეს, რომ ისინი „აძურის” ფანებს მათ ტერიტორიაზე ზეიმს უკრძალავენ. განსაკუთრებით დიდი დაძაბულობა იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ „ნაპოლი” მაინცდამაინც „სალერნიტანასთან” შეხვედრაში გაიფორმებს ჩემპიონის ტიტულს. ეს მატჩი „დიეგო მარადონაზე” 29 აპრილს, 32-ე ტურში უნდა გაიმართოს და თეორიულად არ არის გამორიცხული, რომ „პარტენოპეელებმა” სწორედ ამ დღეს მოიპოვონ სკუდეტო. წარმოიდგინეთ, „ნაპოლი” ნეაპოლში „სალერნიტანას” უგებს და ამ დროს სალერნოში ვიღაც ზეიმს ბედავს.

ულტრასების განცხადება შემაშფოთებელია, მაგრამ ქალაქი სალერნო მარტო ცხელთავიანებისგან არ შედგება. აქა-იქ, აივნებზე მაინც ჩანს ლურჯი დროშები. ნუ დაგვავიწყდება, რომ ნეაპოლი კამპანიის დედაქალაქია და ორ ქალაქს ერთმანეთისგან სულ რაღაც 52 კილომეტრი აშორებს. სხვა სიტყვებით, სალერნოში „ნაპოლის” გულშემატკივრები რასაკვირველია არიან.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ცნობილმა კამპანიელმა ჟურნალისტმა, „გაძეტა დელო სპორტის” ყოფილმა გამოჩენილმა კალმოსანმა როსარიო პასტორემ დაწერა:

„რასაკვირველია ვიცი, რომ ეს მშვენიერი ქალაქის სალერნოს მთელს მოსახლეობას არ ეხება, მაგრამ „სალერნიტანას” ულტრასების მიერ ფეისბუქით გავრცელებული განცხადება ცხადყოფს, რომ მათთან ანტი-ნეაპოლური განწყობილება არსებობს და სავარაუდოდ დომინირებს კიდეც. ამას ყურადღების ღირსად არ ჩავთვლიდით, რომ არა ერთი გარემოება: როდესაც ბროწეულისფერი კლუბი გაქრობის საშიშროების წინაშე იყო, ის სწორედ ნეაპოლელმა კაცმა გადაარჩინა, მან გაიღო სახსრები, მან უშველა. მაგრამ, ჯანდაბას. რაც არის, არის. ჩვენ, ღობის მეორე მხრიდან აშკარა ანტიპატიას ვუპასუხებთ სურვილით, რომ „სალერნიტანა” სერია A-ში დარჩეს. ჩვენ შურისძიება არ გვინდა. და გარდა ამისა, „სალერნიტანას” სერია A-ში დარჩენა „ნაპოლისთვის” სეზონში 6 გარანტირებული ქულის მოპოვებას ნიშნავს”.

მიმდინარე სეონის პირველ წრეში „ნაპოლიმ” ვიქტორ ოსიმენის ორი გოლით 2:0 გაიმარჯვა. ხვიჩა კვარაცხელიას იმ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.