„ნაპოლიმ” სალერნოში 2:0 მოიგო. ამ შეხვედრაში თანაგუნდელებს გრიპის გამო ვერ დაეხმარა ხვიჩა კვარაცხელია, რომლის შესახებაც „ლა გაძეტა დელო სპორტმა” დაწერა, რომ ქართველის შინ დატოვებას ავადმყოფობის გარდა კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა — სპალეტის ჯერჯერობით მაინც არ უნდა მისი ზედმეტად დატვირთვა, მითუფრო რომ ელიფ ელმასის სახით ფრიად მაღალი დონის ალტერნატივა ჰყავს. ამრიგად, მილანური გაზეთის ინფორმაციით მწვრთნელმა გადაწყვიტა ხვიჩასთვის დასვენების შესაძლებლობა მიეცა. საინტერესოა, რომ ხსენებული ცნობა ასე იწყებოდა: „დღეს ვიქტორ ოსიმენს გვერდით მისი „ტყუპისცალი” კვარაცხელია არ ეყოლება…”
„სალერნიტანას” კი პირველი გოლი სტუმრების კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ 45+3 წუთზე გაუტანა, ხოლო მეორე კვარაცხელიას „ტყუპისცალმა” ოსიმენმა მოედანზე დაბრუნების შემდეგ, 48-ე წუთზე შეუგდო. „აძურის” 19 ტურის შემდეგ 50 ქულა აქვს — რაც იტალიის ჩემპიონატში მოგებაზე 3 ქულა იწერება, პირველი წრის შემდეგ 50 ან მეტი ქულა აქამდე მხოლოდ „იუვენტუსსა” და „მილანს” ჰქონდა.
მატჩის დამთავრების შემდეგ დი ლორენცომ თქვა: „ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. მეტოქემ დაცვა ჩაკეტა და ამის გამო ორმაგი სიფრთხილე გვმართებდა. ასეთი დაცვისთვის კლიტეს მორგება ძალიან მნიშვნელოვანია და გვიხარია, რომ ეს მოვახერხეთ.
ხალხს თავდამსხმელები უყვარს, რადგან მათ გოლები გააქვთ და თამაშის ბედს წყვეტენ, მაგრამ ჩვენი გუნდი ყველა პოზიციაზე დიდებული ფეხბურთელებისგან შედგება. ცენტრალურმა და განაპირა მცველებმა ვიცით, რომ ბურთი სწრაფად უნდა გამოვიტანოთ და თამაში მეტოქის საჯარიმოსთან გადავრთოთ, რათა იქ ჩვენმა თავდამსხმელებმა გოლები გაიტანონ”.