„მარადონაზე” სენსაცია მოხდა, სერია A-ს ლიდერმა „ნაპოლიმ” იტალიის თასის მერვედფინალში აუტსაიდერ „კრემონეზესთან” წააგო და გავარდა. ორივე გუნდში თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები, „ნაპოლიში” ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო „კრემონეზეში” ლუკა ლოჩოშვილი, მაგრამ ამ შეხვედრაში მონაწილეობა არც ერთს მიუღია და არც მეორეს.
ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. პირველი გოლი მე-18 წუთზე შვეიცარიელმა შარლ პიკელმა შეაგდო. 33-ეზე ბრაზილიელმა ჟუან ჟესუსმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 36-ე წუთზე არგენტინელმა ჯოვანი სიმეონემ მასპინძლები გაიყვანა წინ, მაგრამ 87-ე წუთზე განელი ფელიქს აფენა გიანის გოლმა ძირითადი დრო ფრედ დაამთავრა. დამატებითში „კრემონეზეს” მცველმა ლეონარდო სერნიკოლამ უხეში თამაშისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა, მაგრამ ამან „ნაპოლის” ვერ უშველა — საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც იმის გამო, რომ სტანისლავ ლობოტკამ ვერ გაიტანა, მეოთხედფინალში კრემონელები გავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ „ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თამაშის მსვლელობისას თანდათანობით ჩართო საქმეში ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები ჟელინსკი, ლობოტკა, ოსიმენი, კიმი, ანგისა და პოლიტანო, მაგრამ ამან ხეირი ვერ მოუტანა.
„ჩვენ ცოტ-ცოტა ყველაფერი დავაკელით, რითაც საქმე პენალტებამდე მივიყვანეთ, — თქვა მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე სპალეტიმ, — ხელსაყრელი მომენტებიც გვქონდა, მაგრამ საქმე მაინც ვერ მოვამთავრეთ. თამაშის ხარისხით მეტოქეს ვჯობდით, მაგრამ მთელ რიგ ეპიზოდებში იოლად ვთმობდით ბურთს, „კრემონეზემ” კი თავისი წილი მომენტები მოხერხებულად გამოიყენა.
ასეთი რამ ხდება ხოლმე. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ „მილანისა” და „ინტერის” ცუდი თამაში სუსტ მოწინააღმდეგეებთან, მაშინ როდესაც ისინი ძლიერი შემადგენლობით იყვნენ მოედანზე. თან, ქარის გამო ბოლო ვარჯიში ვერ ჩავატარეთ.
რაც მოხდა სამწუხაროა, რადგან ეს ისეთი შეჯიბრებაა, რომელშიც სამი თამაშის მოგების შემთხვევაში ფინალში ვიქნებოდით. რა გაეწყობა, ჩვენ „ნაპოლი” ვართ და სირთულეებს მაგრად უნდა დავუდგეთ.
ქალ მსაჯებზე რას ვიტყვი? მათ პიროვნული სიძლიერე აჩვენეს. მათ საქმეს კაცებივით გაართვეს თავი. განსხვავება არ იყო”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
მთავარი ამბავი14/06/2026 | 10:46VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
