თუ ყატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი რამით იპყრობს ყურადღებას, ეს უპირველეს ყოვლისა მსაჯის დამატებული წუთების რაოდენობაა. პირველივე მატჩებიდან გულშემატკივარმა დაინახა, რომ სათამაშო დროს ემატებოდა უზომოდ ბევრი, მაგალითად 14 წუთი. და ყველას მყისვე გაუჩნდა კითხვა, ხომ არ გადავა დროის დამატების ეს ხერხი ეროვნულ ლიგებშიც? როგორც „ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, სერია A ამას არ გამორიცხავს, პრემიერლიგას კი აქედანვე უარი უთქვამს.
„დეილი მეილის” ინფორმაციით, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ინგლისის უმაღლესი დივიზიონი გადაჭრით იტყვის უარს უცნაურ სიახლეზე და ეს ფეხბურთელებსაც გაუხარდებათ. სიახლის წინააღმდეგ განსაკუთრებით ის მოთამაშეები გაილაშქრებენ, რომლებმაც დროის ზღვარგადასული წამატება საკუთარ კისერზე გამოსცადეს. მათ კარგად იციან, თუ რას ნიშნავს იმ შეხვედრებში მონაწილეობა, რომლებიც 110 წუთზე მეტხანს გრძელდება. მაგალითად, ინგლისისა და ირანის თამაში 117 წუთს მიმდინარეობდა.
უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ოთხ დღეში მატჩების საშუალო ხანგრძლივობა 102 წუთი და 42 წამია. იტალიური პრესა ხაზს უსვამს, რომ ამის უკან მათი თანამემამულე, ფიფას მსაჯთა კომისიის პრეზიდენტი პიერლუიჯი კოლინა დგას.