გიორგი მამარდაშვილმა მშვენივრად ითამაშა, მთელმა „ვალენსიამ” კი რა მოგახსენოთ — ქართველი მეკარე რომ არა გუნდი დიდი სხვაობით დამარცხდებოდა. ქვემოთ მოყვანილ ვიდეომიმოხილვაში გიორგის მოგერიებული ყველა დარტყმა არც არის შეტანილი.
კარგად არის ცნობილი, თუ როგორ ფეხბურთს ქადაგებს „ღამურების” მწვრთნელი ჯენარო გატუზო, ამიტომაც იოლია დასკვნა, რომ ამ შეხვედრაში გუნდს საერთოდ არაფერი გამოუვიდა. „ვალენსიამ” „რაიო ვალეკანოსთან” ფაქტობრივად ტაქტიკის გარეშე ითამაშა და შედეგიც ლოგიკური მიიღო.
„რაიომ” პირველივე წუთიდან სტუმრების საჯარიმოსთან დაიწყო პრესინგის თამაში და იმდენი მოახერხა, რომ მეტოქემ სულ მცირე 20 წუთის განმავლობაში წინ ნაბიჯი ვერ გადადგა. მასპინძლებმა პირველი გოლი მე-5 წუთზევე გაიტანეს. ეს ისი პალასონმა მოახერხა.
თუმცა, 20 წუთი რა გამოსაყოფია, როდესაც „ღამურები” მთელი შეხვედრის განმავლობაში უხერხემლოდ თამაშობდნენ. მამარდაშვილი მასპინძლების დარტყმებს კიდევ უმკლავდებოდა, აი, თავისიანებთან კი ვერაფერი გააწყო — 52-ე წუთზე ნიკომ ისეთი გაუტანა, მოწინააღმდეგეს შეშურდებოდა.
„ვალენსიამ”, კერძოდ კი მუკტარ დიაკაბიმ 90+3 წუთზე ისარგებლა მეტოქე გუნდის ჩრდილო მაკედონიელი მეკარის სტოლე დიმიტრიევსკის შეცდომით და სხვაობა შეამცირა.
„დღეს ყველაფერი არასწორად წარიმართა. პასუხისმგებლობას მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ, — თქვა მატჩის შემდეგ გატუზომ, — როდესაც სტანდარტული მდგომარეობიდან ორ გოლს უშვებ; როდესაც ბურთს მხოლოდ 10 წუთი ფლობ, არადა ამ ყველაფრისთვის გუნდს გულდასმით ამზადებდი, წაგება რასაკვირველია შენი ბრალია. „რაიო ვალეკანო” 3:0-ს ან 4:0-ს იმსახურებდა”.
მომდევნო ტურში „ვალენსია” 17 სექტემბერს „სელტას” მასპინძლობს.