და ისევ კვარაცხელია! – წერს „ლა გაძეტა დელო სპორტი”. მაღალი დონის მეორე ტაიმმა, რომლის გვირგვინიც ქართველის გოლი იყო — მეოთხე მიმდინარე სეზონში — „სტადიო ოლიმპიკოზე” „ნაპოლის” „ლაციო” გასული სეზონის მსგავსად 2:1 დაამარცხებინა. ამრიგად გუნდმა „ლეჩესთან” ფრის გამო დარჩენილი უკმაყოფილების გრძნობა უკან მოიტოვა. და ისევ დაიწყეს იტალიელებმა კვარაცხელიას ლორენცო ინსინიესთან შედარება.
„ლორენცოს გუნდთან ერთად ეხერხებოდა დრიბლინგი, — თქვა მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ, — ის მეტოქის ნახევარზე გვიადვილებდა ცხოვრებას, ხვიჩა კი უფრო დასხლტომაშია ძლიერი. ის ძალიან ტექნიკურია. ახლა მას ისეთი გამოცდილების შეძენა სჭირდება, ინსინიეს რომ ჰქონდა.
ის ძალიან კარგი ბიჭია და ხშირად თავს არიდებს გარკვეულ სიტუაციებს, იმიტომ რომ მოკრძალებულია, მაგრამ „ნაპოლის” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაში თამაშისა და იტალიის ლიგის მწვერვალზე ყოფნისთვის მეტი თავხედობა (იტალიურად ძალიან უხეში გამოთქმა იხმარა) დასჭირდება.
როდესაც ხვიჩა პირველად ვნახეთ, ყველამ ერთი და იგივე რამ გავიფიქრეთ. მისი სიარულის შემყურემ შეიძლება იფიქრო, რომ დონდლოა, მაგრამ მერე ხედავ მის ოსტატობასა და წესიერებას და ხვდები, რომ ეს დიდი ფეხბურთელის თვისებებია. ის განსაკუთრებულია. ერთადერთი იმ ეპიზოდებში მაკვირვებს, როდესაც შეცდომას უშვებს, მაგალითად მეორე ტაიმში გოლი რომ ვერ გაიტანა. ის ხომ საამისოდ ძალიან ტექნიკურია”.
შემდეგ სპალეტიმ შეხვედრის ანალიზი ჩაატარა და თქვა, რომ მისმა გუნდმა ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ჩინებული შეხვედრა ჩაატარა. მწვრთნელის აზრით სასტარტო მღელვარების გამო პირველი წუთები არ ვარგოდა, მაგრამ შემდეგ მისმა ფეხბურთელებმა ვითარება შეცვალეს. „ნაპოლიმ” მტკიცე ხასიათი გამოამჟღავნა. წინა შეხვედრებისგან განსხვავებით ამჯერად ყველაფერი სწორად გაკეთდა. შესაძლოა ზოგიერთ ეპიზოდში გუნდი ზედმეტად გაერთო შეტევით, მაგრამ გარკვეული გაგებით ეს კარგიცაა.
ბოლოს სპალეტიმ მატჩის კიდევ ერთი გმირი და ნეაპოლელთა პირველი გოლის ავტორი, სამხრეთ კორეელი მინ-ჯაე კიმი შეაქო. მწვრთნელმა თქვა, რომ კიმი ღიმილიანი კარგი ადამიანია, მაგრამ პასების დახვეწა აკლია. ის დაცვაში ომს არის დაჩვეული, ახლა კი იმდენად უნდა დაიხვეწოს, რომ შეტევასაც დაეხმაროს.
