ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარში დარტყმა არ იცოდა

Home აქეთურ-იქითური ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარში დარტყმა არ იცოდა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარში დარტყმა არ იცოდა
ფაბიო კაპელო და რონალდო

ფაბიო კაპელომ თქვა, რომ როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსში” მივიდა, მან კარში დარტყმა არ იცოდა. ეს 2004 წლის ამბავია. იბრა “იუვეში” “აიაქსიდან” გადავიდა.

“იუვენტუსში” შვედმა ზედიზედ ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონის ტიტული, თუმცა  “კალჩოპოლის” სკანდალის გამო ტურინის კლუბს ეს ორი “სკუდეტო” ჩამოართვეს. შემდეგ ათ წელიწადში კი იბრაჰიმოვიჩი ცხრაჯერ გახდა სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონი “ინტერის”, “მილანის”, “ბარსელონასა” და “პარი სენ ჟერმენის” შემადგენლობაში.

კაპელო ამბობს, რომ ეს ყველაფერი მისი ვარჯიშების დამსახურებაა. ის იგონებს: “როდესაც ზლატანი ტურინში ჩამოვიდა, კარში დარტყმა არ იცოდა. აგენტმა მინო რაიოლამ მითხრა, ის ძალიან ძლიერია, ისე არტყამს, მეკარეებს ხელები ტყდებათო. ამაზე ვუპასუხე, ერთადერთი, რაც მან ჯერჯერობით დაამტვრია საწვრთნელი დარბაზის ფანჯრებია, მეთქი. შემდეგ კი იბრაჰიმოვიჩმა ყოველდღიური ვარჯიში დაიწყო და ყველამ ვიცით რა სიმაღლეებსაც მიაღწია”.

კაპელოს აზრით, საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის ვინც ოდესმე გაუწვრთნია, მან “რეალში” გაიცნო. ეს იყო ბრაზილიელი რონალდო. Sky Italia-სთან ინტერვიუში დიდმა იტალიელმა მწვრთნელმა თქვა: “სამწუხაროდ, მე მას უკვე კარიერის ბოლოს მივასწარი, როდესაც 96 კილოგრამს იწონიდა. ვკითხე, 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რამდენს იწონიდი, მეთქი. 84 კილოგრამსო. ვთხოვე, 88 კილომდე მაინც დასულიყო… ასე იყო თუ ისე, ის უდიდესი მოთამაშე გახლდათ”.

 

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.