„მანჩესტერ იუნაიტედის” მაღალჩინოსნები ბარსელონაში ჩაფრინდნენ, სადაც ფრენკი დე იონგის გადაბირებას შეეცდებიან. ვინმეს შეიძლება დეჟავიუ მოეძალოს, არადა ყველაფერი რეალურია. ცოტა ხნის წინ ეს წინადადება მართლაც ტრიალებდა მსოფლიო მას-მედიაში, ოღონდ ერთი განსხვავებით, მასში „მანჩესტერ იუნაიტედის” ნაცვლად „ჩელსი” ეწერა.
კატალონიის დედაქალაქს ამჯერად რიჩარდ არნოლდი და ჯონ მარტოუ ეწვივნენ. პირველი „იუნაიტედის” აღმასრულებელი შეფია, ხოლო მეორე საფეხბურთო დირექტორი. ბრიტანული მედია წერს, რომ მხარეები 25 წლის ჰოლანდიელის ფასზე შეთანხმდნენ — მანჩესტერელებს მასში 55 მილიონი გირვანქის გადახდა მოუწევთ — მაგრამ ხელფასი… აი, რა არის დაბრკოლება.
დე იონგი კოვიდ-პანდემიის დროს „ბარსელონაში” ხელფასის შემცირებას და გადავადებას დათანხმდა, ასე რომ ახლა კლუბისგან 24 მილიონი გირვანქის ტოლი თანხა ეკუთვნის. „ბარსა” ცდილობს ამ თანხის გადახდაც „მანჩესტერ იუნაიტედს” აჰკიდოს, ინგლისელები კი კატეგორიულ უარს ამბობენ.
რაც „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგი დაინიშნა, კლუბმა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ფეხბურთელი შეიძინა — მწვრთნელის თანამემამულე, 22 წლის მარცხენა მცველი ტირელ მალასია, „ფეიენოორდიდან”.
ტენ ჰაგმა თქვა: „მანჩესტერში ჩამოსვლის შემდეგ, ჩემს პირველ პრეს-კონფერენციაზე ვთქვი, რომ ძალიან გვჭირდება ნახევარმცველები. ჯერჯერობით კვლავ ძიებაში ვართ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
