ჩრდილოეთ მაკედონიისა და ესპანური „რაიო ვალეკანოს” მეკარე სტოლე დიმიტრევსკი დღეს სკოპიეში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. სანამ მწვრთნელი ბლაგოია მილევსკი დანარჩენი ათი მოთამაშის სწორედ შერჩევასა და მათთვის დავალებების მიცემაზე ფიქრობს, დიმიტრევსკი ამბობს, რომ მან გოლი არ უნდა გაუშვას, რადგან თუ საქართველო გოლს ვერ გაიტანს, მაკედონია აუცილებლად მოიგებს.
„როდესაც შინ ვთამაშობთ, ბედნიერი ვარ. შენი გულშემატკივრის წინაშე გამოსვლა სულ სხვა გრძნობაა. გამიხარდება, თუკი სტადიონი გაივსება და ქომაგები არნახულად დაგვიჭერენ მხარს. დიდი მხარდაჭერითა და ჩვენი კლასით საქართველოს აუცილებლად დავამარცხებთ.
მე მზად ვარ ყოველ მატჩში მაქსიმუმი გავიღო და გოლი არ გავუშვა — ასეთია ჩემი პრინციპი. საქართველო ჩინებული გუნდია, თან ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ ის ძალიან განვითარდა. ბოლო შეხვედრებში ქართველებმა ბევრი გოლი გაიტანეს, მაგრამ ბევრი გოლის გატანა ჩვენც შეგვიძლია, რადგან ბევრ სახიფათო მომენტსაც ვქმნით.
მე არ მეშინია იმის, რომ საქართველო სკოპიეში ბულგარეთში გატანილი ხუთი გოლით ჩამოვიდა. არ მეშინია, რადგან კარგად ვიცი დაცვაში რა დონის გუნდიც ვართ. ვფიქრობ, თუ გოლს არ გავუშვებთ, გავიმარჯვებთ”, — თქვა 28 წლის კარის მცველმა.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ივნისის პროგრამაში კიდევ თითო თამაში რჩებათ. ვილი სანიოლის გუნდი კვირას თბილისში ბულგარეთს მასპინძლობს, ხოლო ბლაგოია მილევსკის ბიჭები სკოპიეში გიბრალტარს ხვდებიან.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
