ედგარ დავიდსი ნიდერლანდების ნაკრებშია, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა ფეხბურთელად. 49 წლის „პიტბული“ ლუი ვან გაალის ერთ-ერთი თანაშემწე გახდა.
ძველი ასისტენტი ჰენკ ფრეიზერი წავიდა, „უტრეხტში“ და ნაკრებში მუშაობას ერთმანეთს ვეღარ ვუთავსებო. ადგილი თავისუფალი დარჩა და ვან გაალმა დავიდსი მიიწვია.
დავიდსი თამაშობდა იმ „აიაქსში“, რომელსაც ვან გაალი წვრთნიდა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. „პიტბულს“ მცირე სამწვრთნელო გამოცდილება აქვს: 2014 წელს ინგლისის ქვედალიგელ „ბარნეტს“ ცოტა ხნით თავკაცობდა. შარშან კი პორტუგალიის რანგით მესამელიგელ „ოლიალენსეში“ იყო და მხოლოდ ნახევარი წელი გაატარა პოსტზე.
„არა მხოლოდ გახარებული, არამედ გაკვირვებულიც ვარ ამ მოწვევით. ეს დიდი პატივია ჩემთვის“, – თქვა დავიდსმა ახალ სამსახურში მისვლისას.