„სტემფორდ ბრიჯზე“ „რეალის“ მეკარეს ტიბო კურტუას თავისი კაპიტნისთვის ქარიმ ბენზემასთვის არჩეული კარის შეცვლა უკარნახია. ეს „ჩელსისთან” ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრის წინ მომხდარა. იმ დღეს თავად ბენზემამ ჰეთ-თრიქი შეასრულა და მადრიდელებმა ლონდონელებს 3:1 მოუგეს. ხვალ „თეთრები” „სანტიაგო ბერნაბეუზე“ საპასუხო შეხვედრას ფავორიტების რანგში ხვდებიან.
რატომ ურჩია ბელგიელმა გოლკიპერმა ფრანგ თავდამსხმელს კარის შეცვლა? საქმე ის არის, რომ კურტუა მადრიდში გადასვლამდე „ჩელსის“ კარს შვიდი წლის განმავლობაში იცავდა (ორჯერ პრემიერლიგის ჩემპიონიც გახდა) და „ლურჯების“ ყველა ნიუანსი იცის. ამიტომაც ამჯობინა პირველ ტაიმში თავად მდგარიყო „სტემფორდ ბრიჯის“ მთავარი ტრიბუნის „მეტიუ ჰარდინგ სტენდის“ წინ. 29 წლის ფეხბურთელს კარგად მოეხსენებოდა, რომ მის ყოფილ თანაგუნდელებს ამ მიმართულებით, მთავარი ტრიბუნის ღრიანცელის თანხლებით, მეორე ტაიმში უყვართ შეტევა და კარის არევით მუხტი დააკარგვინა.
„სტემფორდ ბრიჯი” ყოფილ მეკარეს ღრიანცელით შეხვდა. BT Sport-თან ინტერვიუში „რეალის“ მეკარემ თქვა:
— „ჩელსის“ ფანები მეგობრულად რომ არ დამხვდებოდნენ, იმთავითვე ველოდი. ზოგიერთ მათგანს სტადიონის გარეთ რომ შევხვედროდი, ალბათ უფრო კარგად მიმიღებდა, მოედანზე კი მისტვინეს. ეს ფეხბურთის დამახასიათებელი თვისებაა. თან, ჩემი „რეალში“ გადასვლის ამბავი მათ სულ სხვანაირად იციან, სინამდვილეში კი სხვანაირად იყო.
ასეა თუ ისე, ჩემთვის აქ, „ბრიჯზე“ მოსვლა ყოველთვის საგანგებო გრძნობებთან იქნება დაკავშირებული. „ჩელსიში“ რომ ვთამაშობდი ოთხ წელიწადში ორჯერ გავხდით ჩემპიონები, რაც ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ამიტომაც მეწყინა ღრიანცელი“.