ხვიჩა კვარაცხელიამ „ბათუმის“ მაისურით პირველი მატჩი უკვე ჩაატარა. ხოლო კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა ფრიად საინტერესო რამ თქვა – ხვიჩა კვარაცხელიამ რუსულ „რუბინთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და ჩვენთან ორწლიანი გააფორმაო.
თავისთავად, ამბავი საინტერესოა, რადგანაც აქამდე „რუბინთან“ მხოლოდ კონტრაქტის შეჩერებაზე იყო ცნობა, ახლა კი… დვალიშვილის სიტყვების მერე რუსული კლუბის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ „რუბინმა“ ხვიჩასთან კონტრაქტი გაწყვიტა, ზედ კი დაამატა: „კონტრაქტი თავიდან მართლაც შეჩერებული იყო, მაგრამ ფეხბურთელის აგენტთან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მისი გაწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ. გავითვალისწინეთ ფეხბურთელის ინტერესები და ისიც, თუ როგორი ზეწოლა იყო თბილისში ფეხბურთელის ოჯახზე რუსეთში თამაშის გამო“.
მოკლედ, ერთი, აქამდე საეჭვო ამბავი უკვე მოგვარდა – ხვიჩა კვარაცხელია ყაზანში აღარ დაბრუნდება.
მაგრამ რა იქნება შემდეგ? დაუჯერებელია, „რუბინი“, რომელიც კვარაცხელიას ტრანსფერს 15-20 მილიონ ევროდ აფასებდა, ფეხბურთელს უფასოდ არ შეელევა, მით უმეტეს რუსეთისთვის დაწესებული საყოველთაოდ ცნობილი სანქციების შემდეგ.
ამასობაში დვალიშვილი აგრძელებს: „კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი ჩემი ძველი მეგობარია. სწორედ მან შემოგვთავაზა მისი დამატება. ცხადია, ჩვენც მაშინვე დავთანხმდით. ხვიჩასთან ორწლიან კონტრაქტი გავაფორმეთ, მაგრამ ზაფხულში შევხედავთ საინტერესო რა მოხდება“.
და, როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ზაფხულში?
„მილანი“, „საუთჰემპტონი“, „მონაკო“, „დორტმუნდი“, „გლადბახი“, „ევრეტონი“, „ვილიარეალი“, „ვესტ ჰემი“ – ეს იმ გუნდების არასრული ჩამონათვალია ხვიჩას ყაზანში ყოფნის პერიოდში რომ აქტიურობდნენ.
ბოლო დროს ყველაზე ხშირად „ნაპოლის“ ინტერესზე ისმის. იტალიის სამხრეთში თურმე იმაზეც კი ფიქრობენ, როგორ გადაიბირონ ფეხბურთელი ახალი სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, თუმცა კი ბოლო ინფორმაციით, „ნაპოლის“ ლონდონის „არსენალის“ კონკურენციის დაძლევა მოუწევს. ჩვენიანი ფეხბურთელის მსურველთა რიგში ჩრდილოლონდონელებიც ჩადგნენ.
არსებობს ვარაუდი, რომ კვარაცხელიას ახალი კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ ფულს პირდაპირ მამუკა ჯუღელს გადაუხდის (ყოფილა მსგავსი პრეცედენტები) და შემდეგ ის გაანაწილებს. გაანაწილებს რა, ყაზანელებს ჩაუტანს; არსებობს ასევე ვარაუდი, რომ სატრანსფერო თანხა „ბათუმის“ ანგარიშზე ჩაირიცხება და შემდეგ განაწილდება; და კიდევ ერთი ვარიანტიც: ფული პირდაპირ ფეხბურთელს დაუჯდეს და მერე, სადაც საჭიროა იქ წავიდეს.
ერთი ცხადია – კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ ყაზანის „რუბინს“ ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ, იურიდიულად, ცენტიც აღარ ერგება. სხვა მხრივ კი ხვიჩას წასაყვანად გადასახდელი ფულის უდიდესი ნაწილი სწორედ რუსი თათრებისა უნდა იყოს. ახლა სწორედ ისაა საქმე, „რუბინი“ და ერთი-ორი სხვა დაინტერესებული მხარე „კვარას“ სანაცვლო მილიონებს როგორ და რა გზით მიიღებს.