Both players are expected to make England's World Cup squad for Qatar (Image: PA)ბოლო წლებში ინგლისელ ფეხბურთელთა შორის ბარე ორის გამოჩენას არ მოჰყოლია ისეთი ხმაური და მოლოდინი, როგორიც ჯუდ ბილინგემის გამოჩენას მოჰყვა. ის 18 წლისაა, მაგრამ უკვე მთელს მსოფლიოში იცნობენ. „დორტმუნდში“ ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა; გარეთ საუთგეიტმა ნაკრებშიც მნიშვნელოვანი როლი ანდო.

ბილინგემი ბირმინგემთან ახლოს, სტაურბრიჯში დაიბადა. გასულ კვირას მას Goal’s 2022 NXGN ჯილდო გადასცეს — მსოფლიოს 50 თინეიჯერი ფეხბურთელის სიას სათავეში მოექცა.

„ლივერპულის“ კაპიტნის ჯორდან ჰენდერსონის აზრით მისი ყმაწვილი თანაგუნდელი იმდენად ნიჭიერია, რომ ფეხბურთში ნებისმიერი სიმაღლის დაპყრობა შეუძლია, თუმცა იმასაც დასძენს, რომ დიდ წარმატებებს დღეს და ხვალ არ უნდა ველოდოთ.

ჰენდერსონი: „ახალგაზრდა ფეხბურთელებზე პათოსით ლაპარაკი არ მიყვარს. ამას სხვებიც კარგად ახერხებენ. თუმცა, იმას ვიტყვი, რომ ბილინგემმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა.

მომწონს მისი თამაშის სტილი. მომწონს მისი პიროვნული თვისებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდში ის კარგად იქცევა. ერთი სიტყვით, მის შესახებ კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი.

ვფიქრობ, დროთა განმავლობაში რაც უფრო დაღვინდება, მით უფრო ძლიერი ფეხბურთელი გახდება. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ახლაც საკმაოდ „ზრდასრულ ფეხბურთს“ თამაშობს“.

ჯუდ ბილინგემი როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე ისე ყოჩაღობს, რომ ბევრის აზრით ერთ მშვენიერ დღეს ის ინგლისის ნაკრების კაპიტანი გახდება. ამასწინათ მისთვის ქების სიტყვები დორტმუნდელთა ვეტერანმა მცველმა მატს ჰუმელსმაც არ დაიშურა.

როგორც მოგახსენეთ, ყმაწვილი ნახევარმცველის დიდ მომავალს ჰენდერსონიც ხედავს, მაგრამ ის შიშობს, რომ ბილინგემს ზედმეტმა ქებამ შეიძლება დათვური სამსახური გაუწიოს.

„ჯუდი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. „დორტმუნდში“ შესანიშნავად თამაშობს და ინგლისის ნაკრებშიც გამოიჩინა თავი, მაგრამ, ჩემი აზრით ჯობს ამ ეტაპზე მას უბრალოდ ვაცალოთ ფეხბურთის თამაში. ის განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოებული და მოდი, ბურთაობით ისიამოვნოს.

მას ლიდერის თვისებები აქვს, მაგრამ ზედმეტი წნეხის ქვეშ ნუ მოვაქცევთ. დაე გაიზარდოს ისეთ პიროვნებად, როგორადაც მისი თვისებების მქონე კაცი ბუნებრივად უნდა ჩამოყალიბდეს. მოდი, მყარად დადგეს მიწაზე“.

თავად ჯორდან ჰენდერსონი 31 წლისაა და გარეთ საუთგეიტის გუნდში უხუცესთა შორის ასაკით მეორეა.