საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად მოუგო ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდს — 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.

მატჩის შემდეგ მასპინძელთა კაპიტანმა და ყველაზე სახელოვანმა ფეხბურთელმა, 36 წლის თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ, რომელიც „ინტერში“ თამაშობს ბოსნიურ პრესას ასე უთხრა:

„არც კი ვიცი რა ვთქვა. ვფიქრობ, მეტოქემ ჩვენს კართან ერთადერთი რეალური მომენტი შექმნა და გოლი გაგვიტანა.  მაგრამ, დღეს ფეხბურთს ყველა თამაშობს და არავის დაუფასებლობა არ შეიძლება. ჩვენ ამ მატჩისთვის მოვემზადეთ, ვიცოდით, რომ ვხვდებოდით გუნდს, რომელსაც თამაში უნდა და ეს დღეს გამოჩნდა.

ძალიან სტატიკურები ვიყავით. ბურთი ხშირად გადაგვქონდა აქეთ-იქით ყოველგვარი რისკის გარეშე, ფეხბურთში კი რისკის გარეშე არ შეიძლება.

ჩემი აზრით, პირველ ტაიმში მოწინააღმდეგეს გაცილებით ვჯობდით. მათ ორი კონტრშეტევა განახორციელეს, ჩვენ კი გოლის გასატანად ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ შევძელით.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა გოლი გაგვიტანეს და მას მერე ყველაფერი აირია. რისკის გაწევა გვჭირდებოდა, თუმცა ისე ვიქცეოდით გეგონება ისინი კი არ იგებდნენ, ჩვენ ვიგებდით.

რასაკვირველია, ჩვენ გვყავს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთაც მთელი კარიერა წინ აქვთ და მათი კრიტიკა ერთი, ორი ან თუნდაც ოთხი წაგების გამო არ შეიძლება. არ შეიძლება იმის თქმა, რომ მათ არაფერი შეუძლიათ. რასაკვირველია, ის გუნდი აღარ გვყავს ათი წლის წინ რომ გვყავდა, რადგან მაშინ ჩვენთან მეტი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობდა. მაშინ ჩვენც ახალგაზრდები ვიყავით და დიდი გზა გავირეთ. იმედი მაქვს, რომ ამას ახლანდელი თაობაც შეძლებს.

ყველა მარცხი უარყოფით ატმოსფეროს ქმნის, მაგრამ მწამს, რომ დასკვნებს გამოვიტანთ და წაგება ჭკუას გვასწავლის“.

Dnevni Avaz-ის ფოტოები