
„ნიუკასლი“ რომ გამდიდრდა ყველამ იცის. მალე „კაჭკაჭები“ ალბათ კილიან მბაპესა და მსგავს გალაქტიკოებზე დაიწყებენ ნადირობას, მანამდე კი ჯონჯო შელვი და მისი ჯანი. „კაჭკაჭების“ ნახევარმცველმა, რომელიც ადრე „ლივერპულშიც“ თამაშობდა, „ენფილდ როუდზე“ ჩინებული დარტყმით გახსნა ანგარიში, მაგრამ მერე… შეცდა და მო სალაჰს შეხვედრის გადამწყვეტი გოლის გატანის საშუალება მისცა.
დღეს, როდესაც კოვიდპანდემიის გამო პრემიერლიგა ლამისაა გაჩერდეს, შეხვედრის პირველმა ტაიმმა გააჩინა იმედი, თითქოს დაბრუნდა დრო, როდესაც ეს გუნდები შვიდგოლიან თრილერებს აწყობდნენ.
ასეთი დრო ჯორდულ-არაბული პროექტის წყალობით შეიძლება მართლა დაბრუნდეს, მაგრამ მანამდე ბოლოსწინა ადგილზე მყოფი ნიუკასლი სულ მცირე პრემიერლიგიდან არ უნდა გავარდეს.
ამ შეხვედრაში მერსისაიდელთა გერმანელ თავკაცს იურგენ კლოპს კორონავირუსის გამო აკლდნენ ვირჯილ ვან დაიკი, ფაბინიო და კერტის ჯონსი, თუმცა იმის ძალა ედი ჰაუს გუნდი რომ დაემარცხებინა, ჰქონდა. ლივერპულელთაგან გოლები გაიტანეს დიოგო ჯოტამ, სალაჰმა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა. ამ სამიდან პირველი გოლი ცოტა საკამათო იყო (საჯარიმოში დაშავებული ნიუკასლელი იწვა, მსაჯმა კი თამაში არ გააჩერა), მესამე კი ულამაზესი.
17 ტურის შემდეგ წითლები ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ ერთი ქულით ჩამორჩებიან და რაკი „ჩელსი“ ამ ბოლო დროს იშკილებიდან ჩამოვარდა, პრემიერლიგის ჩემპიონის ბედი შეიძლება კლოპისა და პეპ გვარდიოლას გუნდების დაპირისპირებამ გადაწყვიტოს. თუმცა, სეზონის დამთავრებამდე ჯერ მაინც ადრეა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
