ოლე გუნარ სულშერმა, რომელიც კვირას „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გააგდეს, „მანჩესტერ სიტის“ „ეტიჰედზე“ ანუ მის მოედანზე, ბოლო სამი თამაში მოუგო. წუხელ კი „ეტიჰედზე“ თამაშობდა „პარი სენ ჟერმენი“, რომელსაც მაურისიო პოჩეტინო წვრთნის — კაცი, რომელზეც ამბობენ, რომ „იუნაიტედში“ სულშერის შეცვლა უნდა და რომელმაც მესით, მბაპეთი, ნეიმარით და სხვა უძვირესი ვარსკვლავებით… წააგო — 1:2.
პსჟ-ს პეპ გვარდიოლას „სიტიმ“ აჯობა და ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. არადა, თავიდან 1:0-ს სტუმრები იგებდნენ. კილიან მბაპეს გოლს „ქალაქელთაგან“ რაჰიმ სტერლინგმა და გაბრიელ ჟესუსმა უპასუხეს.
ინგლისური პრესა ნიშნისმოგებით აღნიშნავს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი „ჯადოქრებით“ დაკომპლექტებულ გუნდს მათმა „სიტიმ“ ფინტებსა და ტრიუკებშიც კი აჯობა. და კიდევ, ეს არ იყო თამაში, რომელიც პოჩეტინოს სამწვრთნელო უნარებს წარმოაჩენდა. ეტყობა არგენტინელი „პარი სენ ჟერმენს“ მართლა ვერ ეგუება. ის არის სპეციალისტი, რომლისთვისაც მთავარი გუნდური თამაშია, პარიზში კი ბევრი ინდივიდუალისტი და ეგოა თავმოყრილი. აქა-იქ გამოითქვა ის ეჭვიც, რომ მას უბრალოდ პრემიერლიგის სამყარო ენატრება, თორემ „პარკ დე პრენსიდან“ წასვლის სურვილი წესით არ უნდა გასჩენოდა.
ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ოთხივე ინგლისურმა კლუბმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
„პარი სენ ჟერმენის“ პატრონებს კი არ უნდათ მწვრთნელი შუა სეზონში რომ გაუშვან. მათ, ხომ პოჩეტინოს ყველა პირობა შეუქმნეს. თუნდაც წუხანდელ სათადარიგოთა სკამს გადავხედოთ. ისხდნენ: ჯანლუიჯი დონარუმა, მარკო ვერატი, ანხელ დი მარია, ჯინი ვინალდუმი და სერხიო რამოსი.
და ამდენი ვარსკვლავის მიუხედავად, რასაც დაამატეთ ის ფაქტი, რომ „სიტის“ ჯეკ გრილიში არ ჰყავდა, — ის თამაშის დაწყებამდე ორიოდ საათით ადრე ტვიტერში დარჩენილი ბილეთების რეკლამით იყო დაკავებული — გაიმარჯვა ინგლისურმა გუნდმა.
„პარი სენ ჟერმენმა“ კონტრშეტევებზე ააწყო თამაში, მაღალ პრესინგს მიმართავდა და, როგორც „დეილი მეილი“ წერს, პერიოდულად პანიკის ნიშნებიც ეტყობოდა.
დაახლოებით ასევე ითამაშა პსჟ-მ ამ გუნდების პირველ შეხვედრაში, მაგრამ მაშინ 2:0 მოიგო. იმ დღეს მეორე გოლი მესიმ გაიტანა.
ახლა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ტურიღა დარჩა. „პარი სენ ჟერმენი“, რომელიც ჯგუფიდან ასევე გასულია, ოღონდ მეორე ადგილით, „ბრიუგეს“ მასპინძლობს. „სიტი“ ლაიფციგში მიდის.