პაბლო სარაბიას მიერ პირველი ტაიმის 26-ე წუთზე გატანილმა პენალტმა ესპანეთის ნაკრებს ათენის ოლიმპიურ სტადიონზე სამი ქულა მოუტანა. ლუის ენრიკეს გუნდმა საბერძნეთს 1:0 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ B ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
შესარჩევი შეჯიბრების ბოლო ტურში ესპანელები სევილიაში შვედებს უმასპინძლებენ. გამარჯვებული პირდაპირ მოხვდება „ყატარი 2022“-ზე. „ლა როხას“ ფრეც ყოფნის.
არადა, აქამდე B ჯგუფის ცხრილს შვედები ლიდერობდნენ, მაგრამ ბათუმში საქართველოს ნაკრებთან 0:2 მარცხმა მათი მდგომარეობა გააუარესა.
ბერძნებისა და ესპანელების შეხვედრაზე იმის თქმა შეიძლება, რომ ბურთი კარში ჯერ მასპინძლებმა შეაგდეს, მაგრამ გიორგოს მასურასის შედეგიანი დარტყმა თანამსაჯმა გააუქმა — თამაშგარე მდგომარეობა შეამჩნია.
შეხვედრის ბედის გადამწყვეტი მომენტი ამ ამბიდან 4 წუთში დადგა. მასპინძლებმა თავიანთ საჯარიმოში ინიგო მარტინესის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვიეს, რისთვისაც თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა. სარაბიამ გოლი გაიტანა.
ამ შეხვედრაში ბურთის ფლობა, რომელიც ესპანელებს ასე ძალიან უყვართ, მათ სასარგებლოდ იყო — 72%. მათი პასების 92% ზუსტი გახლდათ. „ლა როხა“ თამაშობდა ეგრეთწოდებულ მაღალ პრესინგს და როგორც კი ბურთს დაკარგავდა, მალევე ცდილობდა მის დაბრუნებას. ერთი სიტყვით, ლუის ენრიკეს გუნდმა ყველა ის ბერკეტი გამოიყენა, რომელიც პეპ გვარდიოლამ 2008-12 წლებში „ბარსელონაში“ დანერგა. ბერძნები თავიანთ მხრივ, ცალკეულ ეპიზოდებში ამწვავებდნენ თამაშს, თუმცა ზოგადად დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეს მათთვის სამკვდრო-საციცოცხლო მნიშვნელობის მატჩი არ იყო.
პრეს-კონფერენციაზე ლუის ენრიკემ თქვა: „რად უნდა ლაპარაკი, რომ მიზნად მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის კვირასვე მოპოვებას ვისახავთ. ამის ჯერ კიდევ მაშინ მჯეროდა, როდესაც ცხრილში მეორე ადგილზე ვიყავით.
ბოლო მატჩში ჩვენი მეტოქე იქნება შვედეთის ძლიერი გუნდი. მან წესით უნდა შეგვიტიოს, მაგრამ ჩვენ ფრედ თამაშს კი არა, მოგებას ვაპირებთ. ჩვენ იმავეს გავაკეთებთ, რაც დღეს ვაკეთეთ — ვითამაშებთ პრესინგს და შევუტევთ.
გახარებული ვარ, მაგრამ მოდუნების დრო არ არის. ჩვენ დღესაც მოსაგებად გავედით მოედანზე და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. თამაშს სრულიად ვაკონტროლებდით. მეტოქეს თითზე ჩამოსათვლელი შანსები ჰქონდა. ჩვენ მათი შეტევები გავანეიტრალეთ. ერთადერთი, რაც არ მომეწონა ის იყო, რომ იმ მომენტებიდან რომლებიც შევქმენით, მხოლოდ ერთი გამოვიყენეთ.
ბოლო ტურში ძალიან მეიმედება ჩვენი გულშემატკივრის. „ლა კარტუხაზე“ ქომაგებმა ჯოჯოხეთი უნდა მოაწყონ და იმ ხმაურში ჩვენ უნდა ვიფრინოთ“.