პოგბამ სულშერს ხმა არ გასცა

Home კატეგორიის გარეშე პოგბამ სულშერს ხმა არ გასცა
პოგბამ სულშერს ხმა არ გასცა

„სანისთვის“ ცნობილი გახდა, რომ „ლივერპულთან“ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვებულმა პოლ პოგბამ თამაშის დამთავრების შემდეგ ოლე გუნარ სულშერს ზედაც არ შეხედა. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპულთან“ შინ 0:5 წააგო.

პოგბა მოედანზე შესვენებისას შევიდა, სტუმართა მეხუთე გოლის ეპიზოდში ბურთი დაკარგა, ცოტა ხნის შემდეგ კი ნაბი კეიტას ეუხეშა და წითელი ბარათი მიიღო.

მატჩის დამთავრების შემდეგ მოედანზე ათი კაცით დატოვებისთვის ფრანგმა თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა, სულშერს კი არც დალაპარაკებია. ამბობენ, რომ ნორვეგიელ მწვრთნელს „იუნაიტედის“ წამყვანი ფეხბურთელები მხარს აღარ უჭერენ.

„სანი“ წერს, რომ ახლა პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასასვლელად ყველა ღონეს იხმარს. მისი ხელშეკრულება ზაფხულამდეა ძალაში. სეზონის დამთავრების შემდეგ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონს შეუძლია თავისუფალი აგენტის სტატუსით სადაც უნდა იქ წავიდეს.

რატომ არ ათამაშა სულშერმა პოგბა „ლივერპულთან“ (და ჩემპიონთა ლიგაში „ატალანტასთან“) თავიდანვე? სავარაუდოდ იმ სიტყვების გამო, „იუნაიტედის“ ყველაზე ძვირად შეძენილმა ფეხბურთელმა „ლესტერთან“ 2:4 წაგების შემდეგ რომ თქვა:

„უკვე კარგა ხანია ასე ვთამაშობთ. პრობლემა ვერ ვიპოვეთ, გოლებს ძალიან იოლად ვუშვებთ. მეტი დაღვინება გვჭირდება, ამხელა გამოცდილება მეტად უნდა გამოვიყენოთ და თავმოყვარეობას უნდა მოვუხმოთ.

ცვლილებებია საჭირო. დროა გამოსავალს მივაგნოთ“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.