
„ოლდ ტრეფორდზე“ ჭორი დაირხა, რომ ოლე გუნარ სულშერი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელის თანამდებობას ებღაუჭება, თავს კი ანტონიო კონტეს აჩრდილი წამოადგა.
„ლივერპულთან“ 0:5 განადგურების შემდეგ, კლუბში მას უკვე თავაზიან მხარდაჭერას აგრძნობინებენ, რაც ნამდვილ მხარში დგომას აღარ ჰგავს. თავმჯდომარეებმა ჯოელ და ავრამ გლეიზერებმა ორშაბათს აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარე ედ ვუდვორდთან და მმართველ დირექტორ რიჩარდ არნოლდთან ერთად კრიზისისადმი მიძღვნილი საგანგებო სხდომა ჩაატარეს.
სულშერმა კი ამასობაში ფეხბურთელებსა და მწვრთნელთა შტაბის წევრებს დასვენების დღე გამოუცხადა, ხოლო თავად ბაზაზე მივიდა, სადაც ორსაათნახევარი დაჰყო.
დამალული აღარ არის, რომ „იუნაიტედის“ წამყვანი ფეხბურთელები ნორვეგიელი მწვრთნელის ტაქტიკას ეჭვის თვალით უყურებენ. აგრეთვე გავრცელდა აზრი, რომ მას შექმნილ ვითარებაში თავის გადარჩენის უნარი არ შესწევს.
თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მას მერე, რაც 2018 წლის დეკემბერში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩაიბარა, ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც ნორვეგიელს სამსახურიდან გაშვება ემუქრება. წინა შემთხვევებთან შედარებით განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ადრე მას კლუბის ხელმძღვანელობა მაინც ენდობოდა და საბოლოოდ მის სასარგებლო გადაწყვეტილებას იღებდა, ახლა კი ტონი შეიცვალა.
ზემოთ ანტონიო კონტე ვახსენეთ. მას „ოლდ ტრეფორდზე“ მისვლის ინტერესი არ დაუმალავს, მაგრამ როგორც იტალიელის ბანაკი ამბობს, „ინტერის“ ყოფილი თავკაცი ნაბიჯს მანამდე არ გადადგამს, სანამ „იუნაიტედი“ სულშერთან არ გაარკვევს ურთიერთობას.
მოგეხსენებათ, კონტემ გასულ სეზონში „ინტერი“ სერია A-ს ჩემპიონი გახადა, მაგრამ თანამდებობიდან მაინც გაუშვეს და უმუშევარია.
„დეილი მეილი“ წერს, რომ კონტეს დანიშვნა „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ტრადიციის ღალატის ტოლფასი იქნება. საქმე ის არის, რომ მანკუნიანელთა ხელმძღვანელობამ სულშერი დაცვითი ფეხბურთის მიმდევარი ჟოზე მოურინიუს ნაცვლად მიიყვანა, რისი დედააზრიც სერ ალექს ფერგიუსონისეულ შემტევ ფეხბურთთან დაბრუნება გახლდათ.
გარდა ამისა კონტე იმ მწვრთნელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც კლუბებში დიდხანს არ ჩერდება და სადაც მიდის ყველგან თავისი ასისტენტები მიჰყავს.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბანაკიდან გამოვიდა ხმა, რომ სულშერი აპირებს ფეხბურთელებს გაერთიანებისკენ და ერთად ბრძოლისკენ მოუწოდოს. მოწოდება ასეთი იქნება: „ან ერთმანეთს ვებრძვით, ან ერთად ვებრძვით მეტოქეებს“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
