ცნობილი ჰოლანდიელი მწვრთნელი ლუი ვან გაალი, რომელიც პენსიიდან დაბრუნდა და თავისი ქვეყნის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, „ბარსელონაში“ მოთამაშე და მომუშავე თანამემამულეების, ფრენკი დე იონგისა და რონალდ კუმანის დაცვას შეუდგა.
მან თქვა, რომ ისეთი კრიტიკა, როგორიც დე იონგსა და კუმანს დაატყდათ თავს, სწორედ კატალონიური კლუბისთვის არის დამახასიათებელი.
„როდესაც საქმე კარგად მიდის, სანერვიულო არაფერია, მაგრამ როდესაც შედეგები უარესდება, ბარსელონელები იწყებენ უცხოელების ძებნას, რათა ისინი განტევების ვაცებად გამოიყვანონ. ამ შემთხვევაში, ეს ფეხბურთელსაც შეეხო და მწვრთნელსაც“.
ვან გაალმა, რომელიც „ბარსელონას“ ორჯერ ედგა სათავეში, განაგრძო:
„ისტორია მეორდება. ცუდი შედეგებისთვის ბრალს მათ სდებენ. მე კი ვუთხარი, რომ ამ კრიტიკას ყური არ დაუგდონ“.
შემდეგ, 70 წლის მწვრთნელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ფრენკი დე იონგი „ბარსელონაში“ სწორად არ თამაშობს.
„ფეხბურთელობისას მეც იმავე პოზიციაზე ვთამაშობდი და ვიცი, რომ ამდენი სირბილი არ არის საჭირო. ფრენკი, ხშირად მეჩვენება, რომ შენ ზედმეტს დარბიხარ“.