ხვალ ერთა ლიგის ფინალია და არ არის გასაკვირი, რომ საფრანგეთის ნაკრებთან თამაშის წინ ესპანეთში ფერან ტორესზე ლაპარაკობენ. მან ნახევარფინალში იტალიას ორი გოლი გაუტანა.

დღეს ის „სან სიროზე“, საპრესკონფერენციო ოთახში, ჟურნალისტების კითხვებს გასცემს პასუხს, არადა ესპანეთის ნაკრების კაპიტანთა შორის არ არის.

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელს ოთხი წელიწადია რაც „ლა როხაში“ იძახებენ ის კი მხოლოდ 21 წლისაა. 17 და 19 წლამდელთა შორის ტორესი ევროპის ჩემპიონია. 17 წლამდელთა შორის ის არის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი.

ერთა ლიგის 7 შეხვედრაში მან 6 გოლი გაიტანა. სულ, ესპანეთის ნაკრების მაისურით თავდამსხმელმა 21 შეხვედრაში 12 გოლი შეაგდო (საშუალოდ თამაშში 0,57). მათ შორის ერთი, 2021 წლის 28 მარტს თბილისში საქართველოს ნაკრებს გაუტანა, როდესაც მასზე ზუსტად ერთი წლით უმცროსი ხვიჩა კვარაცხელიას გოლი გაქვითა.

ვეტერან დავიდ ვილიას, რომელმაც „მარკასთან“ ინტერვიუში ფერან ტორესის შესახებ გამოთქვა თავისი მოსაზრება, კარიერის განმავლობაში 98 შეხვედრაში 59 ჰქონდა გატანილი.

„თუ ფერანის ასაკსა და თამაშის ხარისხს გავითვალისწინებთ, მას ჩემი ჯობნა შეუძლია. თან, მის ასაკში მე ნაკრებში ნათამაშებიც კი არ მქონდა.

ტორესი რაკეტაა, თან ახლა კი არ გახდა ასეთი, „ვალენსიაში“ რომ თამაშობდა, უკვე რაკეტა იყო. ის მძლავრია, სწრაფი, კარში ორივე ფეხით არტყამს და ამ ყველაფერს ასეთ ახალგაზრდულ ასაკში აკეთებს“, — თქვა ვილიამ.

მნიშვნელოვანია თუ ვის კარში აქვს ფერან ტორესს ეს გოლები გატანილი. საქართველო საქართველოდ და სამი გოლი მან გერმანიას გაუტანა, ორი იტალიას, აგრეთვე გატანილი აქვს ხორვატიისთვის… და რაც მთავარია, მან ყველა გოლი ოფიციალურ შეხვედრებში შეაგდო, ოფიციალური მატჩები კი ამხანაგურებისგან ძლიერ განსხვავდება.

კიდევ ერთი საინტერესო პარალელი — „მარკამ“ მოიკვლია, თუ რამდენი გოლი ჰქონდათ 21 შეხვედრაში გატანილი თანამედროვეობის დიდ თავდამსხმელებს: მიროსლავ კლოზეს ტორესზე ერთით მეტი ჰქონია შეგდებული, რონალდუს – 7, მესის – 6, ნეიმარს – 9, ხოლო ჰარი კეინს – 10.