პეპ გვარდიოლა „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრის მსაჯზე პოლ ტიერნიზე გაბრაზებული იყო, შემდეგ კი „სიტიმ“ მავანი ლივერპულელი ფანის საქციელის გამო საჩივარი შეიტანა.

„ქალაქელები“ ამტკიცებენ, რომ მეორე ტაიმში გვარდიოლას სამწვრთნელო ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ტრიბუნიდან აფურთხებდნენ. ეს მას მერე მომხდარა, რაც 69-ე წუთზე ფილ ფოდენმა ანგარიში გაათანაბრა. „სიტი“ აცხადებს, რომ ამ ინციდენტის ვიდეოს წარმოადგენს.

ანგარიშის გათანაბრება ვახსენეთ და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ამ შეხვედრაში მერსისაიდელები ორჯერ გავიდნენ წინ, „სიტიმ“ კი ორივეჯერ გაქვითა. მასპინძელთაგან გოლები გაიტანეს სადიო მანემ და მო სალაჰმა. სტუმრებისგან ხსენებულმა ფოდენმა და კევინ დე ბრუინმა, რომელმაც 81-ე წუთზე შეხვედრას წერტილი დაუსვა.

გვარდიოლა: „ყური მოვკარი რომ ტრიბუნიდან ვიღაც ფანი ჩვენს ხალხს ცუდს რაღაცებს ეუბნებოდა, მაგრამ დეტალებში ვერაფერს გეტყვით. პირადად მე ვიდეო არ მინახავს. ჩემი პოზიცია ასეთია: „ლივერპული“ გაცილებით დიდია ვიდრე ვიღაც კაცი ტრიბუნიდან და ჩემს აღფრთოვანებას ამ კლუბისადმი ის კაცი ვერ შეცვლის.

გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ ლივერპულში ჩვენს ავტობუსს რომ დაესხნენ თავს? ესეც კონკრეტულმა ხულიგნებმა გააკეთეს. „ლივერპულს“ არ გაუკეთებია. აქ ჩამოსვლა და „ენფილდზე“ თამაში ყოველთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა“.

არადა, თითქოსდა მშვიდად მოსაუბრე კატალონიელი მწვრთნელი ნერვიული მეორე ტაიმის განმავლობაში მოედნის კიდესთან ღელავდა და მძვინვარებდა.

გვარდიოლას აზრით, მსაჯს ჯეიმს მილნერისთვის ბერნარდო სილვას წინააღმდეგ უხეშობისათვის მეორე ყვითელი ბარათი უნდა ამოეღო. ცხარე პროტესტის გამო „სიტის“ მწვრთნელი გააფრთხილეს კიდეც.

გვარდიოლა: „მსაჯებსაც აქვთ ემოცია და ტიერნიმ თავად განსაზღვრა ვისთვის როდის უნდა ეჩვენებინა ყვითელი ბარათი. კარგად მესმის, თუ რა ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან მსაჯები. მათ გადაწყვეტილება ერთ წამში უნდა მიიღონ.

თამაშის დამთავრებამდე 25 წუთი რჩებოდა. ანგარიში 1:1 იყო. ახლა, როდესაც შეხვედრა ფრედ დამთავრდა, შედარებით კმაყოფილი და დამშვიდებული ვარ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ წაგვეგო. მაშინ ხომ ძალიან გაბრაზებული ვიქნებოდი.

ვფიქრობ, ყველაფერი ცხადია. აქ „ენფილდია“. „ენფილდი“ კი „ოლდ ტრეფორდივით“ არის. წესი „სიტის“ მოთამაშეს რომ დაერღვია, აუცილებლად გააძევებდნენ“.

თამაშის დამთავრების შემდეგ კი გვარდიოლამ და მილნერმა დაახლოებით ნახევარი საათი ილაპარაკეს ჯერ ჯარიმის ეპიზოდზე, ხოლო შემდეგ გოლფზე გადაერთნენ.

გვარდიოლა: „მილნერი გოლფს ჩემზე კარგად თამაშობს. ის ძალიან კარგი ადამიანია. ჩვენ მანჩესტერში ერთად ვერ ვმუშაობთ, მაგრამ ყველა, ვინც მას იცნობს, მეუბნება, რომ უბრალოდ კარგი ბიჭია. ჩვენ ჯარიმასა და ყვითელ ბარათზე ვლაპარაკობდით. ის ხუმრობდა“.