ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ტურნირში, ევროლიგაში მოასპარეზე „მონაკოს“ სამწვრთნელო შტაბში მანუჩარ მარკოიშვილი იმუშავებს. ჩვენებური მთავარი მწვრთნელის, ჩერნოგორიელი ზვეზდან მიტროვიჩის ასისტენტი იქნება.
მარკოიშვილი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის დამხმარეც არის. ორ გამოცდილ სპეციალისტთან მუშაობა კი, „მანუს“ ძალიან უნდა წაადგეს. მარკოიშვილი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანია. ისიც უნდა ვთქვათ, რომ მოედანზე ინტელექტით გამოირჩეოდა. ამიტომაც, მისი სამწვრთნელო კარიერა უნდა შედგეს. მით უფრო, ჯერჯერობით კარგი სპეციალისტების გვერდით უწევს მუშაობა.
„კარიერის დასრულების შემდეგ ყოველთვის მინდოდა კალათბურთში დარჩენა. მწვრთნელობის იდეა ერთ ღამეში არ მომსვლია – ამ საკითხზე დიდხანს ვფიქრობდი. მიყვარს ეს თამაში და ამით ვცხოვრობ. საქართველოს ნაკრებში ილიას ზუროსის ასისტენტი ვიყავი, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. „მონაკოში“ მოსვლა ჩემთვის უნიკალური შანსია. მთავარ მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, სეზონისწინა პერიოდი გუნდთან ერთად გავატარე და უკვე ბევრი ადამიანი გავიცანი“, – თქვა მარკოიშვილმა.
„მონაკო“ სათავადოა ევროპაში, ჯუჯა სახელმწიფო. ცხადია, საკუთარი ჩემპიონატი არ აქვს – საფრანგეთის ელიტარულ ლიგაში მონაწილეობს. გასულ სეზონში ევროთასი მოიგო, ხოლო წლეულს ევროლიგაში იასპარეზებს.
„მონაკოს“ პირველ საერთაშორისო ოფიციალური მატჩი 30 სექტემბერს შინ, ბერძნულ „პანათინაიკოსთან“ აქვს.