რატომ გაუშვეს ტურინიდან კრიშტიანუ რონალდუ? სამი წლის წინ ასე ზარზეიმით მიღებულ პორტუგალიელს კონტრაქტით კიდევ ერთი წელი უნდა ეთამაშა „იუვენტუსში“.
2023 წლამდე დარჩენაზეც იყო თანახმა, მაგრამ დაუნანებლად გაასხვისეს იმაზე იაფად, ვიდრე მოსკოვის ცეესკამ ვლაშიჩი.
რა მოხდა? რა დააშავა რონალდუმ? არც არაფერი. სამ სეზონში 101 გოლი დიდებული მაჩვენებელია.
მაგრამ, მოდით მოვლენები მაქსიმალურად ნეიტრალურად შევაფასოთ:
27 აგვისტოს მასიმილიანო ალეგრიმ გუნდიდან რონალდუს წასვლა გაახმოვანა და იმავე დღის ბოლომდე „იუვენტუსის“ აქციები საფონდო ბირჟაზე 1,23%-თ გაძვირდა. ასე უმოწყალოდ შეაფასა მიუკერძოებელმა ბიზნესმა რონალდუს სამწლიანი იტალიური ეპოპეა.
ახლა უკვე ხმამაღლა ამბობენ, რომ პორტუგალიელმა დაანგრია გუნდური თამაში და ამის კომპენსირება 101 გოლითაც ვერ შეძლო.
ფაქტებიც მოჰყავთ. როგორი შედეგები ჰქონდა „იუვეს“ ჩემპიონთა ლიგაში რონალდუმდე:
2016 – მერვედფინალი
2017 – ფინალი
2018 – მეოთხედფინალი
რონალდუს მისვლის შემდეგ:
2019 – მეოთხედფინალი
2020 – მერვედფინალი
2021 – მერვედფინალი
ახლა ვნახოთ, რამდენი ქულით ასრულებდა ჩემპიონატს „იუვე“ რონალდუმდე:
2016 წელს- 91
2017 წელს – 91
2018 წელს – 95
რონალდუსთან ერთად:
2019 წელს – 90
2020 წელს – 83
2021 წელს – 79
ამას დავუმატოთ, რომ გასულ სეზონში იტალიური ფეხბურთის დომინატორი მხოლოდ მე-4 ადგილზე გავიდა. როგორც იტალიელები იტყვიან „არაფერი პირადული -მხოლოდ ფაქტები“.
ეს ის შემთხვევაა, როცა დიდი გუნდი და უდიდესი ფეხბურთელი ერთმანეთს დროსა და სივრცეში ვერ დაემთხვნენ.
აქამდე ტურინელები მათთვის ყველაზე კატასტროფულ ტრანსფერებად უელსელი იან რაშის და ჩილელი მარსელო სალასის გადაბირებას თვლიან.
ჰოდა, რომ არა ის 101 გოლი, რონალდუ ამ სიაში მესამე ადგილს დაიკავებდაო.