ელდორ შომუროდოვი აგვისტოს დასაწყისში “ჯენოადან” “რომაში” გადაბარგდა და “მგლებთან” 5-წლიან თანამშრომლობაზე შეთანხმდა. უზბეკი ფორვარდის ტრანსფერის შესახებ განცხადებამ პოლიციას დაკარგული პოლონელი გოგონა აპოვნინა.

საქმე ისაა, რომ 2019 წლიდან მოყოლებული “რომამ” ტრადიცია დაამკვიდრა და ყოველ სატრანსფერო კლიპს ახლავს განცხადება დაკარგული ბავშვის შესახებ. იქვეა მითითებული კონტაქტები, სადაც შეიძლება დაუკავშირდეს ბავშვის მპოვნელი ან დამნახავი. აქციას არ აქვს ფარგლები და მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. ორი წლის მანძილზე ამ გზით უკვე 12 დაკარგული პატარა იპოვეს.

სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო ელდორ შომუროდოვი: “ემოციები არ მყოფნის. მე ხომ გოგონას პოვნის პასიური, მაგრამ მაინც თანამონაწილე გავხდი. ბედნიერი ვარ იმ გუნდის წევრობით, რომელიც ფეხბურთის პოპულარობას ასეთი კეთილშობილური მიზნებისთვის იყენენებს”.