რომელუ ლუკაკუ და მარინა გრანოვსკაია

რომელუ ლუკაკუ ბედნიერია, „ჩელსიმ“ ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ლონდონელებმა „ინტერს“ მის სანაცვლოდ 97,5 მილიონი გირვანქა გადაუხადეს. ბელგიელი მსოფლიო კლასის ვარსკვლავია, რომლის გადაბირებას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთა მწვრთნელი თომას ტუხელი მთელი ზაფხული ცდილობდა.

28 წლის თავდამსხმელმა „ინტერში“ ორი ჩინებული სეზონი ჩაატარა. ბოლოს, სერია A-ს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაშიც  დიდი როლი ითამაშა. „ნეროაძურის“ სკუდეტო ბოლოს 2009-10 წლების სეზონში ჰქონდა მოგებული. „ინტერამდე“ ლუკაკუ თამაშობდა „მანჩესტერ იუნაიტედში“, „ევერტონში“, „ვესტ ბრომვიჩში“, „ჩელსისა“ და „ანდერლეხტში“, ასე რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ ის პირველად არ შედგამს ფეხს. ეს მისი დაბრუნებაა.

„ბედნიერი და იღბლიანი ვარ ამ ჯადოსნურ კლუბში რომ დავბრუნდი, — თქვა ბელგიელმა, — ხანგრძლივი მოგზაურობა გამომივიდა. აქ, პირველად რომ მივედი ბავშვი ვიყავი, ბევრი რამ მქონდა სასწაული, ახლა კი შეუდარებლად გამოცდილი და დაღვინებული ვბრუნდები.

ყველასთვის ცნობილია, რომ მე ამ კლუბისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში იმას ვგულისხმობ, რომ ბავშვობაში სწორედ „ჩელსის“ ქომაგი ვიყავი. ძალიან მიხარია, „სტემფორდ ბრიჯზე“ რომ ვითამაშებ და შევეცდები ტიტულების მოგებაში ჩემი წვლილი შევიტანო.

უკვე 28 წლის ვარ და „ჩელსის“ ამბიციები ჩემსას ემთხვევა. იტალიაში სკუდეტოს მოგების შემდეგ ეს გამოწვევა მისწრება იყო. საოცრად კარგ დროს გამომიჩნდა ახალი შესაძლებლობები. ვფიქრობ, წარმატებებს მივაღწევთ.

რაც „ჩელსიდან“ წავედი, ბევრი კლუბი გამოვიცვალე. იყო წარმატება და წარუმატებლობა. წარუმატებლობებმა მე კიდევ უფრო გამაძლიერეს.

ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები საქმეს. ჩვენ დიდი მიზნები გვაქვს“.

ლუკაკუს შემდეგ თომას ტუხელმა ილაპარაკა. მან განმარტა, თუ რატომ არის ბელგიელი მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი.

„ლუკაკუ იმ პროფილის თავდამსხმელია, რომელიც გვჭირდებოდა. ის კლასიკური 9 ნომერია. ასეთია „დორტმუნდში“ ერლინგ ჰოლანდი, „ბაიერნში“ რობერტ ლევანდოვსკი და „ტოტენჰემში“ ჰარი კეინი. მას გოლების გატანა ეხერხება. ის საჯარიმო მოედანში სახიფათოა. ოლივიე ჟირუს შემდეგ, ჩვენ ასეთი ფორვარდი აღარ გვყავდა.

ლუკაკუ მეტოქის კარისკენ ზურგით დგება, ბურთს იღებს. ის სივრცეებს შეუქმნის კაი ჰავერცს, ტიმო ვერნერსა და კრისტიან პულიშიჩს. მას შეუძლია ფიზიკური ორთაბრძოლა მოწინააღმდეგის მცველებთან“, — თქვა გერმანელმა.

„ჩელსის“ სპორტულმა დირექტორმა, მარინა გრანოვსკაიამ კი ახალწვეულის შეძენას „მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელის შინ დაბრუნება“ უწოდა.

რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი ამ ზაფხულს, პრემიერლიგაში, სიძვირით მეორეა. უფრო მეტი, 100 მილიონი გირვანქა, „მანჩესტერ სიტიმ“ „ასტონ ვილას“ ჯეკ გრილიშის სანაცვლოდ გადაუხადა.