კოპა ამერიკას გამარჯვებული, 27 წლის არგენტინელი ნახევარმცველი როდრიგო დე პაული ამბობს, რომ „უდინეზედან” მადრიდის „ატლეტიკოში” გადასვლა მის კარიერში დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. და დე პაულს ერთი სული აქვს, როდის დაიწყებს მუშაობას ისეთ გამოჩენილ მწვრთნელთან, როგორიც არის მისი თანამემამულე დიეგო სიმეონე.

დე პაული 2014-16 წლებში „ვალენსიას” ფეხბურთელი იყო, ასე რომ ესპანური ლა ლიგა მისთვის ნაცნობი გარემოა. ფეხბურთელმა ახლახან დამთავრებულ კოპა ამერიკაზე თავი გამოიჩინა და „ატლეტიკოსთან” ხუთწლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.

„ბედნიერი ვარ, ლა ლიგას ჩემპიონ გუნდში რომ გადავედი. კარგად მესმის რამხელა პასუხისმგებლობაა აქ თამაში. ეს ჩემს კარიერაში დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. თან, მნიშვნელოვანია, რომ მადრიდში სამხრეთ ამერიკის ჩემპიონის რანგში ჩავდივარ.

ყველა ღონეს ვიხმარ მადრიდელებს მოლოდინი რომ არ გავუწბილო. „ატლეტიკოს” ძალიან კარგად ვიცნობ, რადგან ჯერ ერთი ფეხბურთის ფანი ვარ და მეორეც, ესპანეთში მითამაშია. იმას, თუ რამდენი მეგობარი თამაშობს „ვანდა მეტროპოლიტანაზე” აღარ ჩამოვთვლი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იქ ანხელ კორეა დამხვდება. ის „ატლეტიკოზე” ძალიან ამაღლებულად მელაპარაკა.

მიხარია, რომ ვუერთდები კლუბს, რომელსაც ამდენი გულშემატკივარი ჰყავს.

როდესაც ჩემი „ატლეტიკოში” გადასვლის შესახებ ჯერ მხოლოდ ჭორები დადიოდა, უამრავ მესიჯს ვიღებდი, სადაც ფანები მხარდაჭერას მიცხადებდნენ და მამხნევებდნენ. ეს ყველაფერი „როხიბლანკოს” ოჯახის წევრად მაგრძნობინებს თავს”.

შემდეგ, „უდინეზეს” ყოფილი კაპიტანი დიეგო სიმეონეს ფაქტორსაც შეეხო.

„ბედნიერი ვარ სიმეონეს ხელმძღვანელობით რომ ვითამაშებ. ფეხბურთი ძალიან მიყვარს და ისეთი კალიბრის მწვრთნელის ხელმძღვანელობით მუშაობა, როგორიც არის სიმეონე, მეამაყება; მითუფრო, რომ ის ჩემი თანამემამულეა.

ბავშვობაში ვუყურებდი როგორ თამაშობდა ის არგენტინის ნაკრებში”.