ედენ აზარმა „რეალის” მწვრთნელად კარლო ანჩელოტის დანიშვნა სიხარულით მიიღო.
ბელგიელ ვარსკვლავს 27 მაისს გადამდგარ ზინედინ ზიდანთანაც ჩინებული ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ის ფიქრობს, რომ მისთვის ანჩელოტიც შესანიშნავი ხელმძღვანელი იქნება.
„მადრიდში ყველამ კარგად იცის, თუ რა შესძინა ანჩელოტიმ თავის დროზე „რეალს”, — თქვა აზარმა RTBF-თან ინტერვიუში, — მან ამავე ფეხბურთელებით ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ის „სანტიაგო ბერნაბეუზე” ბევრს ძალიან კარგად იცნობს. ანჩელოტი უდიდესი გამოცდილების მწვრთნელია. ის ქალაქსაც იცნობს და ფანებსაც. ვფიქრობ, ერთად დიდ საქმეს გავაკეთებთ.
მე მას პირადად არ შევხვედრივარ, მაგრამ რამდენადაც ბიჭებისგან ვიცი, ძალიან კარგი ადამიანია, რომელსაც გამარჯვების დაუოკებელი წყურვილი ახასიათებს. ჩვენც სწორედ ეს გვინდა.
მიხარია, კარლო ანჩელოტისთან მუშაობის შანსი რომ მომეცემა. ეს ჩემთვის ძალიან კარგი ამბავია”.
მოგეხსენებათ, ანჩელოტი 2009-11 წლებში „ჩელსის” თავკაცი იყო, „ჩელსი” კი ის კლუბია, სადაც აზარი შვიდი წელიწადი ციდან ვარსკვლავებს წყვეტდა, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით, 2012-2019 წლებში. ასე რომ, იტალიელი მწვრთნელი და ბელგიელი ფეხბურთელი ერთმანეთს არ იცნობენ.
ზინედინ ზიდანის შესახებ კი აზარმა ასე თქვა: „მასთან ყოველდღიური ურთიერთობა და თანამშრომლობა დიდებული იყო. იმას რა სჯობს, შენი კერპი რომ გწვრთნის”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
