„გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ გამთამაშებელმა სტეფ კარიმ მორიგი შოუ დადგა და კიდევ რამდენიმე რეკორდს შეუტია. კარის გუნდმა „დენვერ ნაგითსს“ 116:107 მოუგო, სტეფმა კი, 53 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 18-დან 10 სამქულიანი და 16-დან 15 საჯარიმო), ექვსი მოხსნა და ოთხი პასი დააგროვა. ეს ყველაფერი 36 წუთში.
დაგროვებული ქულების ჯამით კარიმ კლუბის ისტორიაში ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს გაასწრო. ახლა სტეფის ანგარიშზე 17.818 „გოლდენსტეიტური“ ქულაა.
სტეფმა მე-18 მატჩში ჩააგდო 10 და მეტი სამქულიანი. ეს რეკორდი ისედაც მას ეკუთვნის და რთული წარმოსადგენია უახლოეს მომავალში ვინმე შეეცილოს, რადგან მოქმედი კალათბურთელებიდან ყველაზე ახლოს მისივე თანაგუნდელი კლეი ტომპსონია (5). ჯეიმს ჰარდენს, დამიენ ლილარდსა და ჯეი არ სმიტს 3-3 ასეთი მატჩი აქვთ ჩატარებული.
კარიმ მეშვიდედ მოახერხა, რომ 10 სამქულიანთან ერთად 50 ქულიან ზღვარს გადააბიჯა. ესეც NBA-ს ისტორიული რეკორდია.
ზედიზედ მეშვიდე მატჩში კარი 30 ქულაზე მეტს აქკეთებს მატჩში. „გოლდენ სტეიტში“ აქამდე ასეთი მაჩვენებელი რიკი ბერის შორეულ 1967 წელს ჰქონდა.