31 წლის უელსელი ვარსკვლავის, გარეთ ბეილის ამბავი მთელს მსოფლიოს კარგად მოეხსენება: გასულ ზაფხულს ის „რეალიდან” თავის საყვარელ კლუბში, „ტოტენჰემ ჰოთსპურში” დაბრუნდა. მადრიდამდე, 2007-13 წლებში, ბეილი სწორედ „სფურზში” თამაშობდა და მას მერე, რაც „თეთრების” თავკაცმა ზინედინ ზიდანმა აითვალწუნა, კვლავ ლონდონს დაუბრუნდა, ოღონდ… მისი ხელშეკრულება 2021-ის ზაფხულამდეა. თავდამსხმელი „ტოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმზე” იჯარითაა.

რა მოხდება ზაფხულში? ეს ჯერ არ არის ცნობილი. ფაქტია, რომ „სფურზის” მიერ ჩატარებული 28 თამაშიდან ბეილმა მხოლოდ თორმეტში მიიღო მონაწილეობა და სულ რაღაც სამი გოლი გაიტანა.

და, როგორც ჩანს, „ტოტენჰემის” მწვრთნელ ჟოზე მოურინიუს მოთმინების ფიალა ევსება. ამასწინათ, „სფურზ tv”-ში გავიდა ვარჯიშის კადრები, სადაც გაისმა, თუ როგორ უთხრა პორტუგალიელმა უელსელს: „აქ დარჩენა არ გინდა? თუ „რეალში” გირჩევნია დაბრუნება და იქ არაფრის კეთება?”

შეგახსენებთ, რომ მას მერე, რაც ზიდანმა ბეილი აითვალწუნა, ფორვარდს მეტწილად სკამზე უწევდა ჯდომა, სადაც მასხარობდა — ხან ვითომ ეძინა, ხან ამთქნარებდა, ხან წარმოსახვითი ჭოგრიტით იყურებოდა სადღაც.

ცოტა ხნის წინ კი გარეთ ბეილის მომავალი კვლავ ეჭვქვეშ დადგა. მოურინიუს რომ ჰკითხეს, პორტუგალიელმა თქვა, ამაზე ჯერ არავის ულაპარაკია და ერთადერთი, რაც ვიცით, ის არის, რომ ბეილი ზაფხულამდე ჩვენთან იქნებაო. მაგრამ, რა მოხდება შემდეგ? უელსელს „რეალთან” 2022 წლამდე აქვს კონტრაქტი. ნუთუ ის „სანტიაგო ბერნაბეუზე” დაბრუნდება და ტრიბუნიდან ჯამბაზობას განაგრძობს?