ინგლისურ ჟურნალ Soccerbible-თვის მიცემულ ინტერვიუში ჯეიდონ სანჩომ თქვა, რატომ იგვიანებს ხოლმე ვარჯიშზე და ვინ არიან მისი საყვარელი ფეხბურთელები.
მოგეხსენებათ, 20 წლის სანჩო ამ დღეებში ინგლისის ნაკრებშია გამოძახებული, მისი კლუბი კი „მანჩესტერ იუნაიტედის” დიდი მოწადინების მიუხედავად, ჯერჯერობით კვლავ გერმანული „დორტმუნდი” გახლავთ.
„გერმანიაში კიდევ რამდენიმე უნარი მაქვს დასახვეწი, — უთხრა გარემარბმა ინგლისელ ჟურნალისტებს, შემდეგ კი დასძინა, — მაგალითად, დაგვიანებები… ხანდახან ვარჯიშებზე მართლაც გვიან მივდივარ, რადგან ძილის რეგულირების პრობლემა მაქვს. ვფიქრობ, ასეთი საკითხების მოსაგვარებლად კიდევ უფრო მეტად პროფესიონალი უნდა გავხდე. ცხოვრებაში ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთო.
ამ მიმართულებით ვმუშაობ კიდეც. კლუბი და გუნდი მხარში მიდგანან. ნელა, მაგრამ დაბეჯითებით ვყალიბდები. ვიზრდები და ვსწავლობ”.
არცთუ შორეულ წარსულში სანჩო უდისციპლინობით იპყრობდა ყურადღებას და მუდმივი საყვედურების მოსმენა უწევდა. მას საჯაროდ აკრიტიკებდნენ.
ინგლისის ნაკრებში არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც მსგავს სირთულეებს სძლია და პრობლემებთან ბრძოლამ გააძლიერა. ეს რაჰიმ სტერლინგია.
„რაჰიმი ასეთ საკითხებში ძალიან ძლიერია, — ამბობს სანჩო, — იყო დრო, როდესაც პრესა მხოლოდ მასზე ლაპარაკობდა. შემდეგ, სტერლინგმა პრობლემები დაამარცხა და დღეს სამაგალითო პროფესიონალია. ის დიდ პატივისცემას იმსახურებს. დიდებული პიროვნებაა”.
ფეხბურთის თვალსაზრისით კი სანჩოს კერპი რონალდინიო ყოფილა. მის გარდა საყვარელ ფეხბურთელთა ხუთეულში „დორტმუნდის” ვარსკვლავმა დაასახელა: ნეიმარი, რობინიო, რონალდო და…
„ბრაზილიური ოთხეული და მე! და ჩვენ მეკარე არ გვჭირდება. კარში თავად ჩავდგები”, — თქვა ტრინიდად-ტობაგოელი მშობლების ვაჟმა, რომელიც ლონდონშია დაბადებული და თავს ინგლისელად აღიქვამს.