ლაუტარო მარტინესის წასვლა მილანის „ინტერიდან“ სერიოზული დანაკლისი იქნება. არადა, ეს თითქმის გადაწყვეტილი ამბავია – არგენტინელი ბარსელონასკენ მიიჩქარის. ამიტომაც „ნერაძურის“ ხელმძღვანელობა მის შემცვლელს აქტიურად ეძებს. ერთ-ერთი კი ასევე არგენტინელი სერხიო აგუეროა, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავს.
ეს ტრანსფერი „ინტერისთვის“ მიუწვდომელი არ უნდა იყოს, მით უფრო, რომ აგუეროს ევროტურნირებზე თამაშის შანსი ამ ეტაპზე დაკარგული აქვს – „ქალაქელებს“ 2 წლით აეკრძალათ უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე თამაში.
აგუერო „სიტიში“ 2011 წელს მადრიდის „ატლეტიკოდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი შეაგდო. არგენტინელს მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს.
შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ ასევე აქტიურად განიხილავს ტიმო ვერნერის გადაყვანის ვარიანტსაც.