პრემიერლიგის ცხრა კლუბმა გამოაცხადა, რომ ნებას აძლევს თავის ფეხბურთელებს უარი თქვან შეწყვეტილი ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში მონაწილეობაზე, თუკი მათ ეშინიათ, რომ კორონავირუსს შინ მიიტანენ და ახლობლებს გადასდებენ.
ინგლისის უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონი სეზონის განახლებას 12 ივნისს აპირებს. მისი მთავარი მიზანია ჩავარდნილი სეზონით გამოწვეული ზარალის თავიდან აცილება.
ამასობაში პრესამ შეიტყო, რომ პრემიერლიგის კლუბების თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ მოთამაშეებისთვის მოედანზე გასვლის დაძალება არ შეიძლება. აღსანიშნავია, ამ კლუბებიდან ზოგი ცხრილის სათავეშია, ზოგი კი გასავარდნთა ზონაში.
ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენელმა თქვა: „წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე ფეხბურთელს ფეხმძიმე ცოლი ჰყავს, ან მას შინ სიმსივნით დაავადებული ოჯახის წევრი ელოდება. როგორ გინდა მას მოედანზე გასვლა მოსთხოვო?”
რამდენადაც ცნობილია. ერთ-ერთმა კლუბმა თავის ფეხბურთელებს კვირას უთხრა, რომ თამაშს ვერავის დააძალებდა და ეს ამბავი WhatsApp-ის ჯგუფში, სადაც მხოლოდ ფეხბურთელები არიან გაწევრიანებული, ელვისებურად გავრცელდა. შესაბამისი იყო რეაქციაც — სხვა კლუბის ვარსკვლავებმა თავიანთი ხელმძღვანელობიდან ასეთივე დამოკიდებულება მოითხოვეს.
უკვე ცნობილია, რომ „ასტონ ვილა” შეწყვეტილ სეზონს ორი ფეხბურთელის გარეშე ჩაატარებს.