ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას თავისი თასის გათამაშება გასაუქმებლად არ ემეტება და ფინალის გადატანას შემოდგომაზე ფიქრობს.
ასოციაციის ხელმძღვანელთა გაგება სრულიად შეიძლება. მათი თასი გახლავთ მსოფლიოს უძველესი საფეხბურთო შეჯიბრება, რომელიც 1871-72 წლიდან ტარდება და რომლის ფინალიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჩავარდნილა.
თუ ახალი გეგმა ხორცს შეისხამს, ეს იქნება ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელის ვინაობა სექტემბერში გაირკვევა.
ხოლო თუ მანამდე პრემიერლიგის ჩათვლით მთელი ინგლისური საშინაო კალენდრის ამოწურვაც მოხერხდება, ტრადიცია შენარჩუნდება და თასის ფინალი კვლავ სეზონის კულმინაცია, ბოლო, დამაგვირგვინებელი თამაში გამოვა.
ამჯერად, შეჯიბრება მეოთხედფინალებზეა გაჩერებული. შემორჩენილი რვავე გუნდი პრემიერლიგისაა. მათგან ორს, „ლესტერსა” და „ნორვიჩს” ეს ტროფი არასდროს მოუგია, ხოლო „შეფილდ იუნაიტედს” მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მიუღწევია წარმატებისთვის.
„ნიუკასლ იუნაიტედი”? ეს გუნდი მეოთხედფინალში 14 წელია არ ყოფილა, ხოლო თასი 1955 წლის შემდეგ არ აღუმართავს.
დარჩენილ ოთხს, „მანჩესტერ იუნაიტედს”, „მანჩესტერ სიტის”, „ჩელსის” და „არსენალს” კი ერთად თუ დავუთვლით, ასოციაციის თასის მოგება 39-ჯერ უზეიმიათ.