იურგენ კლოპი, გაისად, შეიძლება შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს — ეგვიპტის ნაკრებს მო სალაჰი ოლიმპიადაზე სჭირდება, ოლიმპიადა კი, არ არის გამორიცხული, 2021 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს.

ამას კიდევ რა უშავს, აფრიკის თასი, რომელიც კამერუნში გაიმართება, უკვე გადატანილია. ეს შეჯიბრება 2021 წლის იანვარსა და თებერვალში ჩასვეს, რასაც მერსისაიდელთა თავკაცმა კატასტროფა უწოდა.

წარმოიდგინეთ, რომ „წითლებს” ერთდროულად შეიძლება დააკლდეთ ხსენებული სალაჰი, სენეგალელი სადიო მანე, კამერუნელი ჟოელ მატიპი და ნაბი კეიტა გვინეიდან.

და თუ 27 წლის სალაჰი ორივე სანაკრებო შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, მას „ლივერპულთან” თვეობით მოუწევს განშორება.

ეგვიპტის 23 წლამდელთა ნაკრების თავკაცი შაუკი ღარიბი: „ჩემთვის ოლიმპიადის გადადება მოულოდნელობა არ ყოფილა. ველოდი. ამიტომაც, ის ჩვენს გეგმებს ვერ ცვლის. ჩვენ სათადარიგო გეგმა მზად გვქონდა.

ხალხის სიცოცხლე რასაკვირველია, სპორტზე მნიშვნელოვანია, ამიტომ გადაწყვეტილება თამაშების გადადების შესახებ მთელი მსოფლიოსთვის კარგია.

სალაჰი კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ამიტომ მისი გუნდში მიწვევა ყველა მწვრთნელს სურს. მისთვის ჩვენი ოლიმპიური ნაკრების კარიც სულ ღიაა”.

და კიდევ ერთი, კოპის (ტრიბუნაა „ენფილდზე”) ბოსი კლოპი თავის ბიჭებს ახალ ბაზაზე დაახლოებით ერთ წელიწადს ვერ შეიყვანს. არადა, ახალი ცენტრი, რომელსაც უკვე ხელოვნების შედევრს უწოდებენ, რამდენიმე კვირაში მზად უნდა ყოფილიყო. ახლა, მშენებლობა შეჩერებულია. როდის განახლდება კაცმა არ იცის.

„ლივერპულის” ძველი ბაზა, მილვუდში, 2019 წლის აგვისტოში 10 მილიონ გირვანქად გაიყიდა, ოღონდ, კიდევ კარგი, ხელშეკრულებაში ფორს მაჟორის შემთხვევა გაითვალისწინეს და ჩაწერეს, რომ თუკი მშენებლობა გაუთვალისწინებელი მიზეზებით შეჩერდებოდა, გუნდი ძველ ბინაში კიდევ ერთ წელიწადს დარჩებოდა.