„ახლა ვხედავ, „ბენფიკაში” რა ბედნიერი ვყოფილვარ”, — თქვა მადრიდის „ატლეტიკოს” 20 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ჟოაუ ფელიქსმა BenficaPlay-თვის მიცემულ ინტერვიუში.

პორტუგალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ესპანეთის დედაქალაქში გასულ ზაფხულს გადაბარგდა. „ატლეტიკომ” მასში 126 მილიონი ევრო გადაიხადა. კონტრაქტის თანახმად ჟოაუ ფელიქსი „ვანდა მეტროპოლიტანოზე” 2026 წლამდე უნდა დარჩეს, მაგრამ უკვე ლისაბონში დაბრუნებაზე წუწუნებს.

„ჩემი გეგმა ერთ მშვენიერ დღეს შინ დაბრუნება და „ბენფიკაში” საკუთარი სიტყვის თქმაა”, — განაცხადა მოთამაშემ, რომელმაც „ატლეტიკოს” შემადგენლობაში, ლა ლიგის 15 შეხვედრაში სულ 2 გოლი გაიტანა.

ფელიქსმა „ბენფიკაში” პროფესიულ დონეზე თამაში 2018 წელს დაიწყო. პირველ სეზონში მან 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 20 გოლი გაიტანა. პორტუგალიური პრესა ფელიქსს კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად მოიხსენიებდა და როგორც ჩანს, სწორედ ამან იქონია ყმაწვილკაცზე ცუდი გავლენა.

ჯერ კიდევ „ბენფიკაში” თამაშის დროს ევროლიგაზე, ფრანკფურტის „აინტრახტს” სამი გოლი გაუტანა და იტირა.  ის შეხვედრა „ბენფიკამ” 4:1 მოიგო. ჟოაუ ფელიქსი იგონებს:

„მესამე გოლის შემდეგ ცრემლი წამსკდა. ამ ჰეთ-თრიქმა ზეწოლა მომიხსნა. მანამდე, ორი დღით ადრე, გასახდელში ყური მოვკარი როგორ ჭორაობდნენ ჩემზე და გული მეტკინა. მაშინაც ტუალეტში გავედი და ვიტირე”.

ჟოაუ ფელიქსმა 2019 წელს „ოქროს ბიჭის” ჯილდო მოიგო.

ინტერვიუში მან ისტორიული მეტოქეების „ბენფიკას” და „პორტუს” თამაშზეც ილაპარაკა. საქმე ის არის, რომ ვიზეუელმა ფელიქსმა ბურთი პირველად პორტუში გააგორა მაგრამ 2015 წელს დედაქალაქში გადავიდა, რაც პორტუელებს არ მოეწონათ.

„ჩემი „პორტუდან” „ბენფიკაში” გადასვლის შესახებ სოციალურ მედიაში ცუდად ალაპარაკდნენ. როდესაც პორტუში „ბენფიკას” ფეხბურთელის რანგში დავბრუნდი და ანგარიში გავათანაბრე (ის თამაში „ბენფიკამ” 2:1 მოიგო) გოლი ამპარტავნულად ავღნიშნე. პორტუელებს თვალებში ჩავხედე. ეს ჩემი მომენტი იყო. ასეთ დროს დიდებული გრძნობა გეუფლება”.