„რასაკვირველია, გადადგომაზე არ ვფიქრობ. ეს ერთი ჩვეულებრივი დამარცხება იყო”, — თქვა „ბარსელონას” თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ „ლევანტესთან” 1:3 წაგების შემდეგ. ამის მიუხედავად, 55 წლის ბასკის გადადგომაზე ლაპარაკი არ წყდება. „მარკამ” ვალვერდეს ცხრა წუნიც კი ჩამოუთვალა, რომელთა შორის იყო არეული დაცვა და ანტუან გრიზმანის დაბალი მარგი ქმედების კოეფიციენტი.
რაკიღა „ბარსას” მწვრთნელის გადაყენებაზე ლაპარაკობენ, ბუნებრივია მის სავარაუდო შემცვლელებსაც ასახელებენ. ერთ-ერთი მათგანი ჰოლანდიის ნაკრების თავკაცი რონალდ კუმანიცაა.
საინტერესო დეტალი: ჰოლანდიის ეროვნული გუნდის სპორტულ დირექტორს ნიკო-იან ჰოოგმას წამოცდა, რომ კუმანსა და „ორანიეს” შორის გაფორმებულ კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუკი საქმე „ბარსელონას” შეეხება, ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ მწვრთნელი დაუყოვნებლივ უნდა გაუშვას.
მოგეხსენებათ, რონალდ კუმანსა და „ბარსას” დიდი ისტორია აკავშირებს. ფეხბურთელობის წლებში ჰოლანდიელმა „ბლაუგრანას” მაისურით 252 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მეტიც, 1992 წელს „ბარსამ” ჩემპიონთა ლიგა სწორედ კუმანის მიერ გატანილი გოლის წყალობით მოიგო. მოგვიანებით, ის „კამპ ნოუზე” ლუი ვან გაალის ასისტენტად მუშაობდა.
ნიკო-იან ჰოოგმას ნათქვამმა „ორანიეს” თავკაცი გააღიზიანა. როგორც ჩანს, მას ზემოთ ნახსენები პუნქტის დამალვა უნდოდა.
„ჰოლანდიის ნაკრებიდან არსად მივდივარ. პუნქტი, რომელზე ლაპარაკიც არ იყო საჭირო, 2020 წლიდან შედის ძალაში, ასე რომ თუ ერნესტო ვალვერდე „ბარსელონას” დატოვებს, მე მას ვერ შევცვლი”, — თქვა კუმანმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
