უეფას თასზე თბილისის „დინამო“ სტუმრად ნორვეგიული „მიოლდეს“ რომ ეთამაშებოდა, არბიტრმა ძირითად დროს 10 წუთი დაამატა და ბევრმა ქართველმა გულშემატკივარმა რადიომიმღები სიმწრით კინაღამ დალეწა, რადგან ჩვენებს საშინაო მატჩი 2:1 ჰქონდათ მოგებული, გასვლაზე კი 0:0 იყო და სანერვიულო არ იკლებდა. საბოლოოდ მატჩი ასევე მორჩა, მაგრამ გასაკვირი გასაკვირი მსაჯის დამატებული დრო გამოდგა – იმხნად 90 წუთზე 10-ის დამატება წარმოუდგენენლი გახლდათ.
ეს ამბავი, ახლახანს ინგლისის ლიგის თასზე მომხდარმა მართლაც უპრეცენდენტო ფაქტმა გაგვახსენა. აბა, გინახავთ სადმე, მატჩის არბიტრს 28 წუთი დაემატებინოს? „ბარტონი“ „ბორნმუთის“ შეხვედრაში კი მეოთხე მსაჯმა დაფაზე სწორედ ეს ციფრი ააციმციმა.
ლოგიკურია, იკითხოთ რა იყო ამის მიზეზიო. რა და, სტადიონზე ელექტროენერგიის შეწყვეტა. თანაც სამჯერ. ისე, ქართულ რეალობაში უცხო არც ასეთი ამბავია, თუმცა მაშინ ფეხბურთელები მოედანზე აღარ დაბრუნებულან და მატჩიც რამდენიმე თვით გადაიდო.
რა გასაკვირია, რომ „ბარტონი“ „ბორნმუთის“ დაპირისპირება ჩაშლის პირას იყო. ძაბვის ხშირი ვარდნით შეწუხებულმა მსაჯმა ჯონ ბასბიმ ამის გაკეთება დააპირა კიდეც, მაგრამ მას შეახსენეს და მკაცრად მოთხოვეს პატივი ეცა დადგენილი წესებისთვის, რომლის თანახმადაც ინგლისში ოფიციალური საფეხბურთო მატჩის გადადება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული თუ შემაფერხებელი ფაქტორით გამოწვეული პაუზა 30 წუთს გადაცილდება.
პრემიერლიგის ბინადარ „ბორნმუთს“ 28 წუთი ჰქონდა ქვედალიგელ მეტოქესთან 0:2 ჩამორჩენა გაებათილებინა, მაგრამ ამაოდ. მომდევნო ეტაპზე „ბარტონი“ გავიდა, რომელმაც წინა სეზონშიც სენსაცია მოახდინა და ლიგის თასის ნახევარფინალს უწია, სადაც „სიტისთან“ წააგო. მომდევნო ეტაპზე, „ბარტონი“ „ლესტერის“ წინააღმდეგობის დაძლევას შეეცდება.