გერმანიაში არის ასეთი კლუბი „ჰალტერნი“, რომელიც რეგიონალ ლიგაში თამაშობს და 3 სექტემბერს მორიგი ტურის მატჩში „ვუპერტალს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

რა თქმა უნდა, ქომაგს გერმანიის დაბალ ლიგაში მყოფი ეს ორი გუნდი ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ სამაგიეროდ იციან, ვინ იყო კრისტოფ მეტცელდერი. ბუნდესნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მცველი და 2002 წლის მონდიალის ვიცე-ჩემპიონი, ვისაც საკლუბო დონეზე  დორტმუნდის, რეალის, შალკეს, არსენალის მაისურა მოურგია.

ზემოაღნიშნული მატჩი კი იმად მოვიყვანეთ, რომ 38 წლის მეტცელდერი საფეხბურთო კლუბ „ჰალტენის“ პრეზიდენტია და ის მისი გუნდის მატჩს არ დასწრებია. მეტცელდერი დიუსელდორფში, შინ იმყოფებოდა და ახლან ისე ჩანს, შესაძლოა გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს.

საქმე კი საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელებას  ეხება. ამ გარყვნილ ქმედებაში კი სწორედ ყოფილი გერმანელი ფეხბურთელია ეჭვმიტანილი. ჰამბურგის პოლიციამ, გამოძიება ერთ-ერთი ქალბატონის ჩვენების შემდეგ დაიწყო, ვისთანაც მეტცელდერს წელიწადზე მეტია ურთიერთობა აქვს. როგორც ჩანს, კრისტოფი მას ენდობოდა და ე.წ. Whatsapp-ში ფოტოებს უგზავნიდა, სადაც არასწრულწლოვანი გოგონები შიშვლად პოზირებდნენ. ქალბატონმაც აღარ დააყოვნა, სამართალდამცავებს მიაკითხა და 15 ფოტოსურათი აჩვენა, რომელიც მის მობილურში მეტცელდერისგან იყო გამოგზავნილი.

„ამ ფოტოებზე დაყრდნობით საქმე ავღძარით და გამოძიება დავიწყეთ. გერმანიის მოქალაქე, კერძოდ კი კრისტოფ მეტცელდერი საბავშვო პორნოგრაფიის ხელისშეწყობაში და გავრცელებაშია ეჭვმიტანილი,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პოლიციამ მეტცელდერს სპორტულ სკოლაში მიაკითხა და მას მობილური ტელეფონი გამოართვა. მოგვიანებით კი მას სახლში მიაკითხეს და კარიც თავად ყოფილმა ფეხბურთელმა გაუღო, თუმცა ხელებზე ბორკილები ჯერ არ დაუდიათ. პოლიციამ, შემოწმების მიზნით მისი პირადი ლეპტოპი წაიღო და დამატებითი სამხილების ამოღების მიზნით ავტომობილიც საგულდაგულოდ გაჩხრიკა.

კრისტოფ მეტცელდერი მედიას გაურბის და ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.