ტორპედოსა და ორდაბასის მწვრთნელები: კახა ჩხეტიანი და კახა ცხადაძე

ქართული გუნდების საევროსარბიელო გამოსვლა ბრწყინვალე გამარჯვებით „საბურთალომ“ დაიწყო, მერე კი თბილისურ გუნდს მხარი თანაქალაქელმა „დინამომ“ და საჩხერის „ჩიხურამაც“ აუბეს. რასაც ვერ ვიტყვით ქუთაისის „ტორპედოზე“.

მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფმა ექს-ჩემპიონმა ყაზახეთში „ორდაბასთან“ იბრძოლა, თუმცა 67-ე წუთზე როინ კვასხვაძის უხეშ შეცდომის შედეგად კუთხურიდან ერთადერთი გოლი მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. მიუხედავად შეცდომისა, საქართველოს ნაკრების მეკარემ რამდენიმე ეპიზოდში გუნდი გადაარჩინა, თორემ სხვაობა, ალბათ, უფრო დიდიც იქნებოდა.
სამაგიეროდ, იმარჯვეს „ჩიხურამ“ და „დინამომ“. თბილისელებმა ანდორის „ენგორდანი“ მიიღეს და სულ კუდით ქვა ასროლინეს. ვიცე-ჩემპიონმა მეტოქეს საწყისი წუთებიდანვე შავი დღე აყარა და საბოლოოდ 6 უპასუხო გოლი გაუტანა.

გიორგი კუხიანიძემ ანდორელებს ორი გოლი გაუტანა

დუბლი გიორგი კუხიანიძემ გაიფორმა, ნიკა ნინუამ  საჯარიმო დარტყმა ამჯერადაც ზუსტად შეასრულა, „ტორპედოდან“ „დინამოში“ გადაბირებულმა კიდევ ერთმა შემტევმა ნოდარ ქავთარაძემ სადებიუტო გოლი გაიტანა, თავის ბურთი ახალგაზრდა გიორგი ზარიამაც გაიტანა, სარეკორდო გამარჯვება კი ლევან კუტალიას ბრწყინვალე პენალტმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა.
საამო იყო „ჩიხურას“ მოგებაც. სოსო ფრუიძის გუნდმა ჩვეული დამაჯერებლობით და ბრძოლისუნარიანობით ლუქსემბურგში, ადგილობრივ „ფოლა ეშს“ პირველი ტაიმის წაგების (0:1) შემდეგ, მეორე ნახევარში თამაში შემოუბრუნა. წონასწორობა მიხეილ სარდალიშვილმა აღადგინა, გამარჯვების გოლი კი 11-მეტრიანის ნიშნულიდან გიორგი კორიფაძემ 86-ზე წუთზე შეაგდო.
ამრიგად, ევროტურნირებზე გამომსვლელი 4 ქართული გუნდიდან სამმა იმარჯვა და საქართველოს საკლუბო-სარეიტინგო 0.75 ქულა მოუტანა. კიდევ ცოტაც და ბოლო დროინდელი წარუმატებლობის შედეგად, საგაისო ევროსარბიელზე გამომსვლელი გუნდების რაოდენობა, ალბათ, აღარ შემცირდება.